რეკორდი, უკან გაწვევა, ფორდი
Aa
Aa

Ford-ი მალე საკუთარ რეკორდს მოხსნის — ბრენდმა 2026 წელს უკვე 11 მილიონი მანქანა გაიწვია

გასულ წელს Ford Motor Company-მ ისტორიაში ყველაზე მეტი საავტომობილო გაწვევა გამოაცხადა და ამ მაჩვენებლით წინა რეკორდსმენს, General Motors-ს, ორჯერ გადაასწრო. კომპანიამ 153 სხვადასხვა გაწვევა დააფიქსირა, რამაც ჯამში თითქმის 13 მილიონი ავტომობილი მოიცვა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს Ford-მა რაოდენობრივად იგივე ნიშნულს მიაღწიოს, თუმცა არსებული დინამიკით, გაწვევაში მოყოლილი მანქანების საერთო რიცხვმა შესაძლოა გასული წლის მაჩვენებელსაც კი გადააჭარბოს. წელს „ლურჯმა ოვალმა“ უკვე გამოსცა 50 გაწვევის ბრძანება, რომელიც 11 271 100 ავტომობილს ეხება.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური გაწვევა 4.4 მილიონ პიკაპს შეეხო, მათ შორის ბრენდის საწარმოო ხაზის ბესტსელერს — F-Series-ს. პროგრამული ხარვეზის გამო, ავტომობილზე მისაბმელის დაერთებისას, შესაძლოა მუხრუჭებმა და მოხვევის მაჩვენებლებმა მუშაობა შეწყვიტონ. ამ დეფექტს ავტომწარმოებელი დისტანციური პროგრამული განახლების საშუალებით აგვარებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Ford-ის გაწვევების სარეკორდო რაოდენობამ საზოგადოებისა და ინდუსტრიის დიდი ყურადღება მიიპყრო. კომპანია ამ არცთუ სასიამოვნო რეიტინგის ლიდერი იყო როგორც 2022, ისე 2023 წლებში, რამაც ბრენდს საგარანტიო ხარჯების სახით მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა. უფრო მეტიც, ამერიკის საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) კომპანია ფედერალური მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა კიდეც. 

კომპანიის პოზიცია

თავად ავტომწარმოებელი ამ სტატისტიკას სულ სხვა კუთხით უყურებს. Ford-ის განცხადებით, გაწვევების ასეთი მკვეთრი ზრდა მათი ახალი, ინტენსიური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამული და ტექნიკური ხარვეზების მაქსიმალურად სწრაფ აღმოჩენასა და მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას.

ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ ორჯერ გაზარდა ტექნიკური ექსპერტებისა და უსაფრთხოების ჯგუფების რაოდენობა, პარალელურად კი მკვეთრად გაამკაცრა ისეთი კრიტიკული კომპონენტების ტესტირება, როგორიცაა ძრავისა და ტრანსმისიის სისტემები. მიუხედავად ამისა, მომხმარებლისთვის ეს პროცესი მაინც ორგვაროვან სიგნალს ატარებს: ერთი მხრივ, ბრენდი აქტიურად ზრუნავს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, მეორე მხრივ კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქარხნული ხარისხის კონტროლის ეტაპები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები