Toyota კლასიკური იაპონური ავტომობილების გამოფენაზე ამ ორი მოდელით წარდგება
Toyota-ს ფანები, შესაძლოა, Celica-ს დაბრუნებასა და შუაძრავიან MR2-ს ელიან, თუმცა იაპონურ ავტომწარმოებელს სხვა გეგმები აქვს. Toyota Cynos-ი, Paseo-ს იაპონური ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია, ქსოვილის გადასახსნელზედიანი კაბრიოლეტის ფორმით, კონკრეტული შემთხვევისთვის ბრუნდება. 
კერძოდ, რეტრო მოდელს იაპონიის კლასიკური ავტომობილების უდიდეს გამოფენაზე, Nostalgic 2 Days-ზე გამოაგორებენ, რომელიც 21-22 თებერვალს იოკოჰამაში გაიმართება. ეს მოდელი ტოიოტას კლასიკური ვინტაჟური ავტოკოლექციის ნაწილია და, ცხადია, შესანიშნავ მდგომარეობაშია.
მოგონება 1990-იან წლებზე
Cynos-ი პირველად 1991 წელს გამოჩნდა და ტოიოტას მომხმარებელს ხელმისაწვდომი და კომპაქტური კუპე შესთავაზა. 1995 წელს მოდელის მე-2 თაობა გამოვიდა, რომელიც წინაზე პოპულარული გახდა, ხოლო ეს კონკრეტული მოდელი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, 1997 წელს გამოვიდა. მანქანა კაბრიოლეტად მიჩიგანურმა კომპანიამ, American Specialty Cars-მა (ASC) აქცია, რომელიც ცნობილი სწორედ კუპეების უძრავი სახურავისგან გათავისუფლებით იქცა.
ღია ყვითლად შეღებილი, იისფერი დეტალებით მორთული და ალუმინის დისკებზე შემომდგარი Cynos-ი სმარტფონებამდელი ეპოქის დიდებული ნიმუშია. ბამპერის შავი ფერის დაგრძელება კი, უკანა სპოილერთან და ნისლსაწინააღმდეგო მაშუქებთან ერთად, მოდელს სპორტულობას ჰმატებს. 

მიუხედავად სპორტული გარეგნობისა Cynos/Paseo თავისი ეპოქის მოკრძალებული მოდელების — Starlet P90-ისა და Tercel L50-ის მსგავსად, წინა ამძრავი იყო. მისი ყველაზე მძლავრი ვერსია 1.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით იყო აღჭურვილი და, სულ რაღაც, 108 ცხ.ძ-სა და 136 ნიუტონს გამოიმუშავებდა.
Cynos გამოფენაზე მარტო არ იქნება — მის გვერდით ადგილს კომპანიისა და რალის ლეგენდა — Toyota Celica GT-Four (ST185) დაიკავებს, რომლითაც 1993 წელს იუჰა კანკუნენმა ავსტრალიის რალი მოიგო, შემდეგ კი იაპონური ავტომწარმოებლის ისტორიაში WRC-ის პირველი ჩემპიონობა მოიპოვა. თუ არ იცოდით, ამ მანქანის მომდევნო თაობა, ST205 ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალში გაეხვა — ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, რომელსაც ჩვენ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით:
ჩვენც სელიკა გვირჩევნია, თუმცა იყოლიებდით Cynos-ს?