Nissan-ის ახალი CEO-ს განცხადებით, ახალ მოდელებში წარსულის ელემენტებს უფრო ხშირად ვიხილავთ
დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ Nissan-ს პრობლემები აქვს — მიუხედავად ამისა, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ყველაფერს გამოასწორებს (პრინციპში, CEO სხვანაირად რომ ფიქრობდეს, უცნაური იქნებოდა).
სამშაბათს, მედიასთან საუბარში, ივან ესპინოზამ The Drive-ის კითხვაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ „ნისანი დაბრუნდა".
„ნისანი დაბრუნდა, რადგან ჩვენ მომხმარებელთან დავბრუნდით. დავბრუნდით, რათა განვაახლოთ ჩვენი იდენტობა. პროდუქტებს, რომლებიც წარსულში გამოვუშვით — იმ პროდუქტებს, რომელთანაც უფროს თაობას კავშირი ჰქონდა და მათ ახალ თაობებთანაც აკავშირებდა, ისევ გამოვიყენებთ — უბრალოდ, განახლდება ტექნოლოგიები და დიზაინი: ნისანის ფესვები, დე ენ ემი და ისტორია კვლავ უცვლელად დარჩება", — განაცხადა იაპონური ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ესპინოზას თქმით, კომპანიის იდენტობა და ისტორია არის ის, რითაც თავად ყველაზე მეტად ამაყობს. მისი აზრით, ეს ის ინვესტიციაა, რომლითაც ჩინეთიდან მომავალ კონკურენციასთან გამკლავება შეიძლება.
„ერთი რამ, რაც ჩვენ, როგორც კომპანიას გვაქვს, ისტორიაა. ეს არის ის, რითაც ყველა ბრენდი ვერ დაიტრაბახებს და მე სწორედ ამაზე დაფუძნება მსურს. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ რეტრო დიზაინებს გამოვიყენებთ...", — განაცხადა ესპინოზამ.

სწორედ რეტრო დიზაინისკენ გადახრა შეიძლება დავარქვათ იმას, რაც Nissan-მა Z-ის უახლეს მოდელში გააკეთა — ისესხა რა ელემენტები 240Z-სა და Z32 300ZX-ის დიზაინებიდან. მეტიც, ავტომწარმოებელმა Frontier-ში ლეგენდარული Hardbody დააბრუნა. მიუხედავად ამისა, წინ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი, რადგან კომპანიის წარმოების ხაზის უდიდესი ნაწილი კვლავ სტანდარტული და არაფრისმთქმელია.
აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა მსგავსებაზე Leaf-ისა და 1990-იანი წლების 300ZX-ის დიზაინის დეტალებს შორის:
„წარმოიდგინეთ, რომ მე 48 წლის ვარ და წარსულში 300ZX მყავდა... ამავდროულად, სახლში მყავს შვილი, რომელიც შესაძლოა Leaf-ს მართავდეს. ჩვენ ასე დავახლოვდებით. მე შემიძლია, მოვუყვე მას ისტორიები 300ZX-ზე — რამდენად დიდებული იყო ეს მანქანა, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი მისი დიზაინის სიმარტივით. შენ აღებდი ავტომობილის კარს და შიგნით გამანადგურებლის კაბინის დიზაინი გხვდებოდა — ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვსურს: ამ მცირე მინიშნებებით თაობების დაკავშირება... სამომავლოდ უფრო მეტ მსგავს დეტალს შეამჩნევთ", — განუცხადა ესპინოზამ ჟურნალისტებს.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Nissan-ს გადარჩენა სჭირდება — კომპანიას ახლო წარსულში კიდევ ჰყავდა ერთი ბოსი, რომელმაც ის გადაარჩინა, თუმცა მისი ისტორია მარტივად არ დასრულებულა — დღეს ის ძებნილია და მის შესახებ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც იძებნება, რომლის ხილვაც ახლა შეგიძლიათ: