კლასიკური ავტომობილები, მერსედესი, მერსედეს ესელი, ვი 8, გერმანული კლასიკა, მერსედეს ესელ 500
Aa
Aa

90-იანი წლების გერმანული კლასიკა | eBay-ზე ულამაზესი და უიშვიათესი SL500 იყიდება

კლასიკური ავტომობილები, ალბათ, ყველა ავტომოყვარულისთვის წმინდა საკითხია. საავტომობილო სამყაროში კი ცოტა მოდელი თუ „დაბერდა“ ისე ლამაზად, როგორც Mercedes-Benz R129 SL-Class-ი. 1990-იანი წლების გერმანული სტილის ეს დიდებული წარმომადგენელი ბრუნო საკოს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ოდომეტრზე ასეულობით ათასი კილომეტრის მქონე ამ მოდელის შოვნა მაინცდამაინც რთული არ არის, გერმანიაში SL500-ის უნიკალური, სტანდარტულზე, დაახლოებით, 8-ჯერ ძვირი ეგზემპლარი გამოჩნდა.

ამ 1997 წლის SL500-ის ყველაზე გამორჩეული დეტალი მისი ფერია, რომელიც Yellowstone ყვითელშია გადაწყვეტილი. ამ ფერის საღებავს გერმანულ ავტომობილზე მეტად კი, ალბათ, 90-იანი წლების Lamborghini Diablo-ზე ველით... განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Mercedes-მა ამ შეფერილობით მოდელის მხოლოდ 24 ეგზემპლარი გამოუშვა. 


რესტაილინგის შემდგომი მოდელი AMG-ის ქარხნული პაკეტითაა აღჭურვილი — ეს ნიშნავს განსხვავებულ ბამპერებს, უფრო დაკუნთულ გვერდებს, მოხდენილ სპოილერსა და AMG-ის 18-დუიმიან ალუმინის დისკებს. AMG Sport დაკიდების დამსახურებით, ავტომობილის კლირენსი სტანდარტულზე ოდნავ დაბალია, რაც მას ავტომოყვარულისთვის კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს. 

რა თქმა უნდა, დიდებულია მოდელის ინტერიერიც, რომელიც შავი ტყავით, ზამშითა და ხის დეტალებითაა გაფორმებული. გათბობისა და მახსოვრობის მქონე ელექტრულად რეგულირებადი წინა სავარძლები დღეს არ გვიკვირს, თუმცა 1997 წელს გამოშვებული მოდელებისთვის ეს მაინცდამაინც ნაცნობი ბედნიერება არ იყო. ცენტრალურ კონსოლში კვლავ შეგვიძლია ჩაშენებული Becker Exquisit მაგნიტოფონის ხილვა. სრულადაა გამართული ტყავის რბილი სახურავის ჰიდრავლიკური სისტემაც. 

კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი, ატმოსფერული V8 ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 315 ცხ.ძ-სა და 470 ნიუტონს გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა თვლებს გადაცემათა ავტომატური, 5-სიჩქარიანი კოლოფით გადაეცემა. რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილის ოდომეტრი 44 851 კილომეტრს უჩვენებს — ცხადია, ავტომობილმა ფარეხში მეტი დრო გაატარა, ვიდრე გერმანიის ავტობანებზე. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ არის, რომ eBay-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ავტომობილში 130 000 ევროა მოთხოვნილი (კი, ჩვენც გადავიხდიდით)... 

შედარებისთვის, ახალთახალი Mercedes-AMG SL Roadster დაახლოებით ამდენივე ღირს და მისი საბაზისო ვერსია 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.

თქვენ რომელს იყიდდით, ამ ყვითელ მშვენიერებას თუ უახლეს მერსედესს? რატომ?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები