CATL მუშაობს EV ბატარეაზე, რომელსაც დეგრადაცია 3000-ჯერ დამუხტვის შემდეგ შეეტყობა
როგორც წესი, ახალ ელექტრომობილებს ბატარეების ხანგრძლივი გარანტიები მოჰყვება, თუმცა ისინი, ვინც მეორად ავტომობილებს ყიდულობენ, უსაფრთხოების ამგვარი საშუალებით დაცულები იშვიათად არიან ხოლმე. სწორედ ამიტომ, ყველა ასეთ მძღოლს აწუხებს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ წინა პატრონის ხელში EV მუდმივად სწრაფ დამმუხტველზე იყო შეერთებული და ბატარეის რესურსი ლიმიტამდეა მიყვანილი.
თუმცა, შესაძლოა, ეს შიშები წარსულს ჩაბარდეს, რადგან ბატარეების მწარმოებელი ცნობილი ჩინური კომპანია აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო.
CATL-ის ცნობით, მათ მიერ წარმოებული უახლესი ლითიუმ-იონური აკუმულატორი 5C, თავდაპირველი ტევადობის 80%-ს დამუხტვა-განმუხტვის სრული ციკლის 3000-ჯერ განმეორების შემდეგაც ინარჩუნებს. პროდუქტი იდეალურ ტემპერატურულ კონდიციაში (20 გრადუსი ცელსიუსი), სწრაფ დამმუხტველზე გამოიცადა. ციკლების ეს რაოდენობა, საშუალოსტატისტიკურ ელექტრომობილს 1.5 მილიონ კილომეტრზე დიდ მანძილს გაატარებს...
კომპანიის ცნობით, ცდები ჩატარდა ცხელ კლიმატშიც (60 გრადუსი ცელსიუსი), ამ შემთხვევაში სიცოცხლისუნარიანობა შედარებით მცირეა და 80%-მდე შესამცირებლად 1400 ციკლიც საკმარისია, თუმცა ეს მაინც ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. 
CATL-ის მიერ წარდგენილი ბატარეის 0-დან 100%-მდე დამუხტვა, თეორიულად, 12 წუთშია შესაძლებელი, თუ საკმარისად მძლავრ დამმუხტველს ვიშოვით. მართალია, ამ პროცესის ასე დაჩქარებულად წარმართვა მოწყობილობას აზიანებს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ბატარეის ჭკვიანური ქიმია და თერმული მდგრადობა აღნიშნულ დეგრადაციას მინიმუმამდე ამცირებს.
ჩინური ბრენდის მიზანი სწრაფი დამუხტვის მიმართ არსებული დამოკიდებულების შეცვლაა — კომპანიის ბატარეა, წარმატების შემთხვევაში, სასარგებლო იქნება ტაქსებისა და ტვირთის გადაზიდვის ინდუსტრიაში, სადაც ხშირად წუთებსაც კი მნიშვნელობა აქვს.
ცხადია, ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, უფრო რეალურ პირობებში ტესტირებას საჭიროებს და ახლო მომავალში არც მისი მასობრივი წარმოება დაიწყება — როგორც წესი, რეალობა ლაბორატორიული რიცხვებისგან განსხვავდება ხოლმე... ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგის შესახებ გავიგებთ.