აუქციონი, აშშ, კლასიკური ავტომობილები, ფორდი, ფორდ მოდელ თი
Aa
Aa

102-წლიანი მფლობელობის შემდეგ, აშშ-ში ოჯახი Ford Model T-ს ყიდის

100 წლის ავტომობილებს, როგორც წესი, მუზეუმებს გარეთ ძალიან იშვიათად ვხვდებით ხოლმე. ამჯერად, ასეთი შემთხვევის ხილვა Bring a Trailer-ის აუქციონზე შეგიძლიათ. 

ოჯახმა გადაწყვიტა, Ford Model T გაყიდოს მას შემდეგ, რაც ამერიკული საავტომობილო ისტორიის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანმა ავტომობილმა მათ გვერდით 102 წელი გაატარა.   

მიხვდებოდით, რომ Model T-ს „ხელის შევლება“ ნამდვილად სჭირდება — თავდაპირველი შავი საღებავისგან მხოლოდ კოროზიის ლაქებია შემორჩენილი, ხოლო სახურავის უკანა მხარე სულ ოდნავაა დაზიანებული. ჯამში, ასაკის გათვალისწინებით, ავტომობილი მშვენივრადაა შემონახული. ავტომობილის 23-დუიმიანი, ხის ქიმების მქონე ბორბლები Wards Riverside-ის საბურავებითაა „შეფუთული“. ინტერიერი კარგ მდგომარეობაშია — სავარძლებსა და სხვა დეტალებზე ნაცრისფერი, ზოლებიანი ქსოვილია გადაკრული.  

102 წლის წინ შექმნილი მანქანის კაპოტის ქვეშ, ცხადია მონსტრს არ უნდა ელოდეთ — აქ 177 კუბური დუიმის მოცულობის მქონე ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავა დაგხვდებათ, რომელიც მთელ 20 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და გადაცემათა ორსიჩქარიან, პლანეტარულ კოლოფთანაა დაკავშირებული. 

ძრავა გარემონტებულია — შეცვლილია ანთების კოჭა და ცილინდრთა ბლოკის თავი. გამყიდველის ცნობით, ავტომობილი თავისუფლად იქოქება და ამ ლეგენდას ვერასდროს გაუგებთ, თუ ის ერთხელ მაინც არ გაატარეთ.როგორც წესი, ქარხნული Model T-ს 70-72 კმ/სთ-მდე აჩქარება შეეძლო.

ავტომობილის ოდომეტრი 32 000 მილს აჩვენებს, თუმცა მწყობრიდანაა გამოსული. შესაბამისად, ზუსტად იმის გაგება, თუ რამდენი კილომეტრი თუ მილი გაიარა Model T-მ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, შეუძლებელია. 

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მანქანა აუქციონზე გამოჩენიდან მალევე გაიყიდა — საავტომობილო ისტორიის ასე კარგად შემონახულ ექსპონატს ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდებით. აუქციონში გამარჯვებულმა 1924 წლის Model T 27 000$-ად დაისაკუთრა. 

Classic.com-ის ცნობით, გასულ წელს 7 ერთეული 1924 Ford Model T გაიყიდა, საშუალო ფასი კი 13 479 დოლარს შეადგენდა. თუ ეს გაგიკვირდათ, გეტყვით, რომ მხოლოდ 1924 წელს ფორდმა 260 000 Model T გამოუშვა... 

სხვათა შორის, ჩვენ CrystalAuto-ს Youtube არხზე Ford-ის ისტორიას ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ხილვაც აქვე შეგიძლიათ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები