Nissan, წინასწარი მონაცემებით, ფისკალურ წელს 4.2-მილიარდიანი ზარალით დახურავს
Nissan-მა გულშემატკივრებს საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია გაუზიარა — იაპონური ავტომწარმოებელი ფისკალურ წელს 4.2 მილიარდ დოლარიანი ზარალით ხურავს, რაც, მეტწილად, გაუარესებული გაყიდვების „დამსახურებაა“.
წაგების მასშტაბი დაახლოებით რომ წარმოგიდგინოთ — ეს Bloomberg-ის მიერ პროგნოზირებულ რიცხვზე ორჯერ მეტია. ამ პრობლემის პასუხად, კომპანიაში განაცხადეს, რომ ოპერაციული დანაკარგები პროგნოზირებულზე ბევრად ნაკლებია და, დაახლოებით, 60 მილიარდ იენს შეადგენს (დაახლოებით 391 მილიონი დოლარი). მიუხედავად ამისა, კომპანიის წლიური წაგება მაინც საკმაოდ დიდი, 5.8% იქნება. ავტომწარმოებლის ფინანსებზე განსაკუთრებულ ზეწოლას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ახდენს — იაპონიის დიდ ავტომწარმოებლებს შორის, ანალიტიკოსების ცნობით, ტარიფებმა ყველაზე მეტად სწორედ ნისანი დააზარალა.
გარდა ამისა, გასულ წლებში Nissan-ს წინ არაერთი დიდი დაბრკოლება შეხვდა — მაგალითად, 2018 წელს დააკავეს მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კარლოს გოსნი, რომელიც მოგვიანებით იაპონიიდან გაიქცა და ახლა საერთაშორისო ძებნილია. სხვათა შორის, ჩვენ ამ ისტორიას CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ხილვაც ახლა შეგიძლიათ:
ასევე, იგეგმებოდა პარტნიორობა იაპონურ კონკურენტ Honda-სთან, თუმცა ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა, რადგან ამ უკანასკნელმა ნისანს ზედმეტად „დამამცირებელი“ პირობები წაუყენა.
კომპანია ამჟამად ხარჯების შემცირებაზე მუშაობს — 2028 წლის მარტისთვის, იგეგმება აქტიური ქარხნების 17-დან 10-მდე შემცირება, რაც მსოფლიოს მასშტაბით 20 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს. ხუთშაბათს კომპანიამ „აუთსორსინგის, ეფექტიანი მარკეტინგისა და ხარჯების ეფექტიანი კონტროლის დამსახურებით“ სტაბილური პროგრესის შესახებ განაცხადა და დაამატა, რომ პერსონალის შემცირების პროცესთან დაკავშირებული ინიციატივები წინ პასუხისმგებლობიანად მიმინარეობს. 
თუმცა Nissan Group-ს არ დაუმალავს, რომ მე-3 კვარტალში გაყიდვები რთულად მიმდინარეობდა ბაზარზე არსებული კომპლექსური ვითარების გამო. მიუხედავად ამისა, სიტუაცია ჯერჯერობით გამოუსწორებლად კატასტროფული არ არის — აშშ-ში გაყიდვები წლიურად 3.7%-ით დაეცა, მაგრამ ჩინეთის ბაზარზე, ახალი ელექტრომობილების დამსახურებით, 12.7%-ით გაიზარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ივან ესპინოზას მმართველობა.