უსაფრთხოება, მაშუქები, ლედ ნათურები
Aa
Aa

LED მაშუქებს ავარიების გამოწვევას აბრალებენ, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს

თუ ავტომობილით გადაადგილება ღამის საათებში ხშირად გიწევთ, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ ჩაიბუტბუტებდით საპირისპირო მხრიდან მომავალი იმ ავტომობილის მძღოლის მისამართით, რომელიც თავისი განათებით გაბრმავებთ. აშშ-სა და კანადაში კანონმდებლები ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და მოუწოდებენ ავტომწარმოებლებს, რომ მაშუქების საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ვანკუვერის საქალაქო საბჭოს წევრმა შონ ორმა მოამზადა შეთავაზება, რომელიც მძღოლების საჩივრებს ეფუძნება — კანადის საზღვრის გადმოღმა, აშშ-ში, ამავე აზრზეა წარმომადგენელთა პალატის წევრი მარია გლუსენკამპ პერეზიც, რომელმაც ეს საკითხი გასულ წელს წამოაყენა. 

მიზანი მარტივია, შემცირდეს შუქდიოდიანი მაშუქების სიკაშკაშე, რომელიც ქსენონური მაშუქებისას ბევრად აჭარბებს და გაქრეს ღამის გზებიდან სინათლე, რომელიც მზისთვის შეხედვის მსგავსია. 

მიუხედავად მოთხოვნისა, საკითხი არც ისე მარტივია — სინამდვილეში, მძღოლს აბრმავებს არა სიკაშკაშე, არამედ არასწორად გაფანტული სხივის თვალში მოხვედრა. ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში, IIHS-ის (საგზაო მოძრაობის სადაზღვევო ინსტიტუტი) უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ კვლევების თანახმად, მაშუქების მიერ გამოწვეული მომენტალური სიბრმავე ღამის ავარიების უმნიშვნელოდ მიზერულ ნაწილშია დამნაშავე. 

2015-2023 წლების სტატისტიკით, მაშუქების სიკაშკაშე აშშ-ში ყოველი 1000 ავტოსაგზაო შემთხვევიდან მხოლოდ 2-ში იყო მთავარი მიზეზი. შესაბამისად, იდეას, რომ LED მაშუქები საავარიო სიტუაციას ქმნიან, რიცხვები ზურგს არ უმაგრებენ. მეტიც, კანონმდებლები, რომლებიც კაშკაშა მაშუქების წინააღმდეგ იბრძვიან, არ საუბრობენ მათ დადებით მხარეებზე — მაღალი ხარისხის მაშუქებით აღჭურვილი ავტომობილები ღამის საათებში სხვადასხვა სიმძიმის ავარიის მონაწილეები ბევრად იშვიათად ხდებიან.

IIHS-ის განცხადებით, არასაკმარისი განათება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ზედმეტი. მიუხედავად ამისა, ზედმეტად კაშკაშა განათების მოწინააღმდეგეები სტატისტიკას ნაკლებად რელევანტურად თვლიან, რადგან მომენტალური დაბრმავებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების უდიდეს ნაწილში, დაბრმავებული მძღოლი თავად გადადის გზიდან, ამიტომ შემთხვევის მონაწილედ გამვლელი ავტომობილი სულაც არ განიხილება, ეს კი აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს მიკერძოებულად აქცევს. 

ცხადია, LED მაშუქების დაშვება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომწარმოებლებს ყველაფერი შეუძლიათ — ზედმეტი სიკაშკაშე დასჯადია. 2017 წელს IIHS-ის მიერ შემოწმებული ავტომობილებიდან, ყოველი მეხუთე ზედმეტად კაშკაშა სინათლეს ასხივებდა — 2025 წლისთვის ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

და თქვენ რამდენად ხშირად ხვდებით ამ დისკომფორტში?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები