ელექტრომობილი, ლენდ როვერი, ქროსოვერი, ლენდ როვერ ველარი
Aa
Aa

პაპარაცებმა Land Rover Velar-ი დააფიქსირეს — როგორი იქნება სრულად ელექტრო ქროსოვერი

პაპარაცებმა მცირე ხნის წინ Range Rover-ის რესტაილინგის დაფიქსირება შეძლეს, ამჯერად კი საშუალება მოგვცეს, რომ თვალი მე-2 თაობის Velar-ს შევავლოთ. მიუხედავად იმისა, რომ Land Rover-ის განახლებული მოდელი კამუფლაჟითაა შეფუთული, ერთი შეხედვითაც ცხადად ჩანს, რომ მანქანა ძალიან შეიცვალა და ელექტრომობილების ეპოქაში შეაბიჯა. 

სახეცვლილი ქროსოვერის დებიუტი, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება. მართალია, კამუფლაჟი ბევრ დეტალს ფარავს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილს მომრგვალებული ცხვირი, სრულად დახურული ცხაურა და ვიწრო მაშუქები ექნება. 


გალამაზებულია ავტომობილის პროფილიც — ახალ Velar-ს ოდნავ ამოზნექილი, დახრილი საქარე მინა ექნება, რომელიც ასევე დახრილ სახურავს შესანიშნავად უერთდება, რაც მოდელს უფრო დინამიკურ დიზაინს ანიჭებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ცვლილებისთვის Land Rover-ის ინჟინრებს საბარგულისა და უკანა სავარძლების სივრცეების დაპატარავება მოუწევდათ.

ფოტოებიდან შესაძლებელია გავარჩიოთ, რომ კარის სახელურები ელექტრონული იქნება და, როგორც ამას მივეჩვიეთ, კარის სიღრმეში იქნება ჩაფლული — დამმუხტველის პორტი კი ავტომობილის უკანა მხარეს იქნება. ყველაზე საინტერესო რაკურსი კი სწორედ ესაა — ველარის უკანა მხარეს კვლავ სახასიათო კარს ვხედავთ, როგორც წინა თაობის ვერსიებში. აქვეა სახურავზე დამონტაჟებული კამერაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოდელს უკანა საქარე მინა არ ექნება. როგორც ჩანს, Polestar-ისა და Jaguar-ის ქროსოვერების დიზაინში გამოყენებული ამ ნაწილით Land Rover-შიც მოიხიბლნენ.

ბოლო პერიოდში Land Rover-ი Range Rover Electric-ის დარეკლამებით იყო დაკავებული, ამიტომ Velar-ის შესახებ ამ მომენტში ბევრი არაფერია ცნობილი. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ორი მოდელი ბევრ საერთო ნიშანს გაიზიარებს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ველარი 117კვტ.სთ-იანი ბატარეებითა და ორძრავიანი, სრულად ამძრავი სისტემით აღიჭურვება, რომელიც 542 ცხ.ძ-სა და 849 ნიუტონს გამოიმუშავებს. 

ახალი მოდელი პირველი იქნება, რომელიც ბრენდის ახალ, EMA არქიტექურას დაეფუძნება, შესაბამისად, Land Rover-ის ელექტრიფიცირების მომავლისთვის Velar-ის წარმატებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები