Subaru უგზოობაზე გათვლილ მოდელებში გადაცემათა მექანიკური კოლოფის დაბრუნებას განიხილავს
WRX-სა და BRZ-ს თუ არ ჩავთვლით, Subaru-ს საწარმოო ხაზში შემავალი ყველა მოდელი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ბრენდისგან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასოცირებული იყო პრაქტიკულ, სრულად ამძრავ ავტომობილებთან და ერთგულ ენთუზიასტებთან, ეს ნაბიჯი, ცოტა არ იყოს, უცნაურია. როგორც ჩანს, ამაზე იაპონურ კომპანიაში ვიღაც დაფიქრდა და, შესაძლოა, აღნიშნული ტენდენცია შეიცვალოს — Subaru თავის ახალ SUV-ებში მექანიკური კოლოფის დაბრუნებას განიხილავს.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მომხმარებლებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ კომპანიის გამოკითხვაში. თუ დაინტერესდით, რატომ აშშ, გეტყვით, რომ ამერიკულ ბაზარზე Subaru-ს გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის.
რაც შეეხება უშუალოდ გამოკითხვას, მისი ერთ-ერთი ცენტრალური კითხვა სწორედ გადაცემათა კოლოფს ეხება — „განიხილავდით თუ არა სამომავლოდ მექანიკური კოლოფის მქონე SUV-ის ყიდვას?“ რესპონდენტებს შეუძლიათ, არჩევანი რამდენიმე პასუხს შორის გააკეთონ: „აუცილებლად“, „შესაძლოა“, „ალბათ დიახ“, „ალბათ არა“, „არავითარ შემთხვევაში“.
როგორც აღინიშნა, ამ მომენტში მექანიკურად მხოლოდ BRZ და WRX შემორჩნენ — 2023 წლის შემდეგ იაპონურ კომპანიას ასეთი SUV აღარ გაუყიდია. გადაცემათა მექანიკური კოლოფის მქონე ბოლო SUV Subaru Crosstrek-ი იყო. მეტიც, უკვე 10 წელზე მეტია გასული, რაც Outback-ი მხოლოდ ავტომატიკის სახით გამოდის. 
ეს გამოკითხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომხმარებელთა ინტერესების გასაგებად, თუმცა გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ Subaru მისი შედეგების დაუყოვნებლივ რეალიზებას დაიწყებს. მიუხედავად ენთუზიასტების სურვილისა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ბაზრის სათანადო კვლევა სჭირდება.