გაყიდვების კლების მიუხედავად, Ferrari-მ თანამშრომლებზე რეკორდული ბონუსები გასცა
გასულ წელს გაწეული ძალისხმევისთვის, Ferrari თითოეულ დასაქმებულს 14 900 ევროს ოდენობის ბონუსს დაურიცხავს. მიუხედავად შედარებით ნაკლები რაოდენობის ავტომობილის გაყიდვისა, წელი იტალიური ავტომწარმოებლისთვის ფინანსურად ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რაც მის გულუხვ ბონუსებზეც აისახა.
გასულ წელს Ferrari-ს წმინდა შემოსავლები 7%-ით, 7.1 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 1.52 მილიარდი ევროდან 1.6 მილიარდ ევრომდე ავიდა. თუმცა, ეს ზრდა ავტომწარმოებლის საერთო გაყიდვების შემცირების ფონზე მოხდა. კერძოდ, გასულ წელს Ferrari-მ სულ 13 640 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 112 ერთეულით ნაკლებია.

არ გეგონოთ, რომ მსგავსი გულუხვი ბონუსების გაცემის სისტემა Ferrari-სთვის ახალი ან უჩვეულოა. 2024 წელს იტალიურმა კომპანიამ 14 400 ევროს ოდენობის ბონუსები გასცა, წელს კი ეს თანხა 14 900 ევრომდე გაზარდა. თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსის მოცულობა კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით ითვლება, შესაბამისად, მოგების ზრდასთან ერთად იზრდება ბონუსებიც. თუმცა, არსებობს შეზღუდვა: ბონუსები მხოლოდ Ferrari-ს იტალიაში დასაქმებულ 5 000 თანამშრომელზე ვრცელდება და არა სხვა ბაზრებზე.
შედარებისთვის: 2020 წელს Ferrari-მ 609 მილიონი ევროს წმინდა მოგება მიიღო და თანამშრომლებისთვის 7 500 ევროს ოდენობის ბონუსები გამოყო. მომდევნო წელს მოგება 833 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო ბონუსები, შესაბამისად — 12 000 ევრომდე. 2026 წელს კომპანია გაყიდვების 5%-ით ზრდას გეგმავს და თუ მიზანს მიაღწევს, მაშინ თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაიზრდება.

მიმდინარე წელს Ferrari-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი მოდელი, წესით, სრულიად ელექტრო Luce უნდა იყოს. ავტომწარმოებლის პირველი ელექტრომობილის ოფიციალური დებიუტი 25 მაისს შედგება. ხოლო თუ Luce მომხმარებელთა მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ ახალი დიზაინით მომავალში კიდევ უფრო მეტ მსგავს მოდელს უნდა ველოდოთ.