92 წლის მამაკაცმა თავისი პირველი Porsche შეიძინა და უკვე მეორეს ყიდვას გეგმავს
Porsche-ს მოდელების ფლობა, ალბათ, ყველა ავტომოყვარულის სურვილია. არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ ოცნებას ახალგაზრდობაშივე აღწევენ, თუმცა ჩვენი ისტორიის გმირს თავისი პირველი Porsche-ს შესაძენად შედარებით დიდი დრო დასჭირდა.
90 წელს გადაცილებულმა წყვილმა ახალი ავტომობილი ქორწინების 70 წლის იუბილეზე შეიძინა. დერეკ ევანსი 92 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე ოდრი — 94-ის. მათი პირველი Porsche კი შიგაწვის ძრავაზე მომუშავე, Crayon-ის ფერის Macan-ია. „ჩვენ ყოველთვის გვსურდა მისი [Porsche] შეძენა და ვიფიქრეთ — რატომაც არა ახლა? Porsche-ს ფლობასთან ერთად, თითქოს განსაკუთრებულ ატმოსფეროში ექცევი. ეს საოცარი კლუბის წევრობას ჰგავს“, — თქვა ევანსმა.

საინტერესოა, რომ ახალდაქორწინებულების პირველი ავტომობილი Austin 7 იყო, დაახლოებით 7 ცხენის ძალის სიმძლავრით. ასე რომ, ეს საკმაოდ დიდი ნახტომია, მიუხედავად იმისა, რომ Macan-ის საბაზისო ვერსია 262 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ზოგიერთი თანამედროვე Porsche-ს სიმძლავრესთან შედარებით უმნიშვნელოც კია.

90 წელს გადაცილებული წყვილის გადაწყვეტილება მათ ოჯახის წევრებს ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ. როგორც ისინი ამბობენ, მათ ბებია-ბაბუას ჩვეულებრივი ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, ასე რომ, როდესაც Porsche-ს ყიდვის შესახებ შეიტყვეს, მათ სურვილს სიხარულით შეხვდნენ: „ისინი უბრალოდ ტკბებიან ავტომობილის სიმძლავრისა და კომფორტის შეგრძნებით“.
სადილეროდან მათ ცოტა ხნის წინ 911-იც „ითხოვეს“ და ახლა თავიანთი Macan-ის ახალი Porsche-თი ჩანაცვლებასაც განიხილავენ. მათი ახალი ავტომობილი, სავარაუდოდ, Taycan-ი იქნება — როგორც თავად ამბობენ, „შესანიშნავი მანქანა“, რომლის ფლობასაც დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდნენ.