Mitsubishi, Honda და Nissan-ი ამერიკული ბაზრისთვის გაერთიანებას გეგმავენ
2024 წლის ბოლოს საავტომობილო სამყარო Honda-სა და Nissan-ის დიდ გაერთიანებაზე ალაპარაკდა — ამავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაერთიანების ნაწილი Mitsubishi-ც იქნებოდა. მიუხედავად დიდი ინტრიგისა, გეგმები არ შედგა, Honda-მ ნისანს ზედმეტად დამამცირებელი წინადადებით მიმართა...
მიუხედავად ამისა, იაპონური ავტომშენებლობის ეს სამი გიგანტი თანამშრომლობას მაინც ცდილობს — პოტენციურად, სივრცე, რომელშიც ისინი ძალებს გააერთიანებენ, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი შეიძლება იყოს. ეს მცირე ხნის წინ Honda-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნორია კაიჰარამ დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ ბრენდები სხვადახვა შესაძლებლობას განიხილავენ, მათ შორის პროგრამულ დონეზე თანამშრომლობას. 
Autonews-ის ცნობით, Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოზამ განაცხადა, რომ ბრენდებს შორის მოლაპარაკებები მეტწილად აშშ-ის ბაზარს ეხება და ჩრდილოამერიკულ ბაზარზე კოლაბორაციის შანსებს მიმოიხილავს, მათ შორის იმ გართულებული გარემოს ფონზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ტარიფებმა შექმნა. ესპინოზას თქმით, ორივე კომპანია აცნობიერებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც ინდუსტრია დგას და იაპონურმა კომპანიებმა საერთო ენა აუცილებლად უნდა გამონახონ.
ნისანის CEO-მ მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც კონსტრუქციული და ორივე ბრენდის ინტერესებს მორგებული. ესპინოზას თქმით, Nissan-ი ღიაა ნებისმიერი პარტნიორობისთვის, რომელიც ბიზნესის ღირებულებას გაზრდის. არსებულ ვითარებაში, ხარჯების განაწილება, შესაძლოა, მართლაც საუკეთესო ვარიანტი იყოს. 
საბოლოოდ, ჩანაფიქრის პრაქტიკაში განხორციელება რთულ ამოცანად რჩება როგორც Honda-სთვის, ისე Nissan-ისა და Mitsubishi-სთვის. Autonews-ის ცნობით, მათი პროდუქტების პორტფოლიოები და წარმოება ერთმანეთს უფრო ფარავს, ვიდრე ავსებს...
შესაბამისად, კოოპერაციის მაგალითები ამ დრომდე საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით გვხვდება — მაგალითად, Nissan-მა აშშ-ში გასაყიდად Mitsubishi Outlander-ის ტყუპისცალი ვერსია Nissan Rogue PHEV-ის სახელით გაიტანა, რითაც თავის ჰიბრიდულ ხაზში დანაკლისი ამოავსო. საპასუხოდ, მიცუბიშის Leaf EV-ის საკუთარი ვერსიის წარმოების საშუალება ექნება. 