საწვავი, კვლევა, საწვავის მოხმარება, გამონაბოლქვი, გზების რეაბილიტაცია
Aa
Aa

უახლესი კვლევა: გზების შეკეთება მძღოლებს მილიონობით ევროს დაუზოგავს

არავისთვისაა სიახლე, რომ საავტომობილო გზების მდგომარეობა ჩვენს ავტომობილებზე დიდ გავლენას ახდენს. როგორც წესი, ამ დროს საუბარია საავარიო სიტუაციების შექმნასა და მანქანის დაზიანებაზე, თუმცა ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ გზების შეკეთებამ შესაძლოა საწვავის მოხმარებაზეც იქონიოს გავლენა.

აღნიშნული კვლევა ვალენსიის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საზოგადოებამ და საინჟინრო ფირმა Xouba Ingeniería-მ შეიმუშავეს. ანგარიშში წარმოდგენილი შედეგები ადასტურებს, რომ ასფალტის მდგომარეობის გაუმჯობესება დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ისე ჩვენს ბიუჯეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მადრიდის M-50 წრიული გზის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე ჩატარდა, მისი განზოგადება ბევრად ფართო სურათზეც შეიძლება. ანგარიშის მომზადებისას შესწავლილი გზის მონაკვეთები ახალი რეაბილიტირებული იყო. კვლევის თანახმად, სამუშაოების შემდეგ ასფალტის სიგლუვე საშუალოდ 27%-ით გაუმჯობესდა, რამაც ამ მონაკვეთებზე საწვავის მოხმარება და CO2-ის გამონაბოლქვი თითქმის 10%-ით შეამცირა.

როდესაც ასფალტი არათანაბარია (აქვს უხეში ზედაპირი, ბზარები და ორმოები), ვიბრაციისა და დამატებითი ხახუნის გამო ავტომობილი ზედმეტ ენერგიას კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ძრავას სიჩქარის შესანარჩუნებლად მეტი ძალა სჭირდება, რაც საწვავის ხარჯს ზრდის. გლუვ ზედაპირზე კი ავტომობილი ბევრად ეფექტურად მოძრაობს და ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

M-50-ის რეაბილიტირებული მონაკვეთების გაანგარიშებით, წლიური დანაზოგი, რომელსაც მძღოლები საშუალოდ მიიღებდნენ, 5.5 მილიონი ლიტრია (და ეს მხოლოდ მოძრაობის ერთი მიმართულების გათვალისწინებით). თუ ამ მონაცემს კილომეტრებზე გადავანაწილებთ, თითოეული გაუმჯობესებული მონაკვეთი დღეში დაახლოებით 540 ლიტრი საწვავის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ემისიების თვალსაზრისით, წელიწადში დაახლოებით 15 000 ტონით ნაკლები CO2 გამოიყოფა. კვლევის ავტორების აღნიშვნით, ეს რაოდენობა დაახლოებით 5 500 ავტომობილის მიერ მთელი წლის განმავლობაში წარმოქმნილი გამონაბოლქვის ეკვივალენტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები