Toyota-მ Yaris-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა, თუმცა ტექნოლოგიები შეამცირა
Toyota-მ იაპონიაში Yaris-ისა და Yaris Cross-ის განახლებული ვერსიები წარადგინა — ახალი ვერსიები უფრო დიდი მონიტორებითაა აღჭურვილი, თუმცა იაპონურმა მწარმოებელმა პარკინგის რამდენიმე მოწინავე ტექნოლოგია გააქრო... რაც ყველაზე მთავარია, Yaris Z Urbano-ს შეზღუდული გამოშვება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რაც მშვენიერი ჩამნაცვლებელი იქნება იმ ენთუზიასტებისთვის, რომლებიც GR Yaris-ის ყიდვას ვერ ახერხებენ.
გარეგნულად არაფერი შეცვლილა — ორივე მოდელი იაპონიაში გაყიდვაში 2020 წლიდან გვხვდება და 2024 წელს სულ მცირე რესტაილინგი შეეხო, შესაბამისად, ამჟამინდელი განახლება მხოლოდ ინტერიერსა და კომპლექტაციას შეეხო. Toyota-მ გააფართოვა ფერთა დიაპაზონი, რომლიდანაც მყიდველი თავისი იარისის ფერს შეარჩევს — ასევე, მანქანას დაემატა ზვიგენის ფარფლის სტილის ანტენა და სარკეების შავი კორპუსი. 
ავტომობილის კაბინაში 10.5 დუიმიანი მულტიმედიის მონიტორი გვხვდება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ვერსიებს 2023 წელს დაემატა. შედარებით ბიუჯეტურ კომპლექტაციებში 8 და 7-დუიმიანი მონიტორებს ვხვდებით. ჰიბრიდული ვერსიები აღიჭურვნენ ელექტრო ხელის მუხრუჭითაც.
განახლებების მიუხედავად, როგორც აღინიშნა, მოდელიდან გაქრა Toyota Teammate Advanced Park-ი რომელიც პარკინგის ასისტენტ ფუნქციებს აერთიანებდა. ეს უცნაური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარს მომხმარებელს იაპონურ ბაზარზე განვითარებული ტექნოლოგიები.
Z Urbano, რომელიც ახლა უკვე მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი, კაპოტის ქვეშ მოკრძალებულ, 1.5-ლიტრიან, 3-ცილინდრიან ძრავას მალავს და წინა ამძრავია — ავტომობილი 118 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. იაპონურ ბაზარზე წარმოდგენილი არ იქნება უფრო მძლავრი, 129-ცხენისძალიანი მოდელი, რომელიც ახლა ევროპაშია ხელმისაწვდომი. თუ 118 ცხენის ძალა გებევრებათ, შეგიძლიათ 1.0-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავის მქონე ვერსიის შეკვეთაც, რომელიც მხოლოდ 67 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
განახლებული მოდელის გაყიდვა 2 მარტს დაიწყება — ფასი გაზრდილია და ის, ჰეჩბექის შემთხვევაში, 10 900-დან 19 300 დოლარამდეა (დამოკიდებულია კომპლექტაციაზე), ხოლო SUV-ი 13 700-დან 21 600-მდე ეღირება. 