ჩინეთი, ელექტრომობილები, ჩერი, ფორდ ბრონკო
Aa
Aa

ჩინეთი პიკაპების ბაზარზე ფართოვდება | Bronco-ს ჩინური ასლი უკვე მზადაა

ჩინური ავტომწარმოებელი Chery საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტზე ძლიერი შეტევისთვის ემზადება. ამას კი KP31 ute-ის კონცეფციით შექმნილი მოდელით გეგმავს, რომელიც ავსტრალიის შოურუმებში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ჩინურ ავტომწარმოებელს ახალი მოდელით Ford Ranger-ისთვის სურს კონკურენციის გაწევა და, ამავდროულად, სეგმენტში პირველ დიზელის plug-in ჰიბრიდულ (PHEV) ვერსიასაც გვპირდება.

KP31 ადრინდელი KP11 კონცეფციისგან განსხვავდება და უფრო მასიურ სტილსა და მკვეთრ სილუეტებს გვთავაზობს. ამ დიზაინით ჩინური მოდელი Jetour Traveller-ის SUV-ს მოგვაგონებს. წინა მხარეს განთავსებულია მრგვალი ფორმის LED მაშუქები, სამ სწორი ფორმის მაშუქთან ერთად, რომლებიც ცხაურაზე, „ოფ-როუდ“ ბამპერის ზემოთაა განლაგებული. ვერტიკალური პროპორციებითა და კვადრატული დეტალებით ის Ford Bronco-ს იერს იძენს და, ამავდროულად, Land Cruiser-საც გვაგონებს. კონცეფციისთვის 285/70 R17 ზომის „ოფ-როუდ“ საბურავები შეარჩიეს, რომლებიც მქრქალ ნაცრისფერ დისკებზეა მორგებული.

KP31 ავტომწარმოებელმა სიდნეიში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე უკვე წარადგინა. მოდელი დაფუძნებულია კიბისებრ ძარაზე, მისი გაბარიტებია: 5,610 მმ სიგრძე, 1,920 მმ სიგანე და 1,925 მმ სიმაღლე. თუმცა Chery-ს ინფორმაციით, საწარმოო ვერსია შედარებით მოკლე იქნება — 5,450 მმ, რაც ნიშნავს, რომ ეს მოდელი საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში განთავსდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ KP31 პირველი პიკაპი იქნება, რომელიც ჰიბრიდული დიზელის ძრავით აღიჭურვება. 2.5-ლიტრიანი ტურბოდიზელი, კომპანიის დაპირებით, 10%-ით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე სტანდარტული აგრეგატი და, ამავდროულად, ვიბრაციას 30%-ით შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ Chery ამ მოდელში 4WD სისტემას შემოგვთავაზებს წინა, ცენტრალური და უკანა ბლოკირების დიფერენციალებით, ასევე მართვის რამდენიმე რეჟიმით.

Chery-ს პიკაპი დიზელის PHEV ვერსიით 2026 წლის ბოლოს გამოვა, ხოლო ბენზინზე მომუშავე PHEV-ს 2027 წელს უნდა ველოდოთ. ავტომობილის ღირებულება ამ დროისთვის გასაიდუმლოებული რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები