საქართველო, საწვავი, გარემოსდაცვითი დეპარტამენტი, საწვავის ხარისხი
Aa
Aa

როგორია საწვავის ხარისხი საქართველოში? | ლაბორატორიული შემოწმების შედეგები

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. უწყების წარმომადგენლებმა აკრედიტებულ ლაბორატორიებში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით არსებული ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი გამოიკვლიეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში არცერთ აღებულ სინჯში დარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა დიზელის საწვავის 65 სინჯიდან ცამეტის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა“.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91-ე პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, უწყება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს და აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საწვავში აღარ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სადგურებზე საწვავის ხარისხს მიმდინარე წელსაც შეამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, — აცხადებს ჯღარკავა.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები