Mini-მ მონტე-კარლოს რალიზე 1965 წლის გამარჯვებას საიუბილეო კუპერი მიუძღვნა
საიუბილეო გამოშვებები როგორც ავტომოყვარულებს, ისე ავტომწარმოებლებს ძალიან უყვართ, თუმცა, როგორც წესი, მათი უმრავლესობა ძალიან პროგნოზირებადია — ეს ის შემთხვევა არ არის. Mini-ში 1965 წლის მონტე-კარლოს რალის გამარჯვებას სერიოზულად ეკიდებიან და 61-ე წლისთავს ძალიან საინტერესო მოდელით ხვდებიან.
61 ნამდვილად უცნაური საიუბილეო რიცხვია, მაგრამ კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ 1965 Victory Edition-ის გამოსაშვებად ახლა საუკეთესო დრო იყო. Cooper-ზე დაფუძნებული მოდელი ჩილი წიწაკასავით წითელია, მთელ კორპუსზე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს და ორივე მხარეს 52 ნომერი ამშვენებს. თუ პანორამულ სახურავსა და 18-დუიმიან ალუმინის დისკებს თვალს მოწყვეტთ, უკანა ცენტრალურ დგარზე „1965“-ის ამოკითხვასაც შეძლებთ.

ცხადია, განსაკუთრებულია მოდელის ინტერიერიც — აქ ვხვდებით კარის ზღურბლის სპეციალურად შექმნილ ფირფიტასა და სპორტულ საჭეს 1965 წლის ბრენდირებით. სხვა ყველაფერი კაბინაში ორფეროვანია. კარზე „დამალულ“ სტიკერსაც იპოვით, რომელიც Cooper S-ით ლეგენდარული ფინელი მრბოლელის, ტიმო მაკინენის 1965 წლის გამარჯვების ისტორიას გვახსენებს.
ძალური აგრეგატის ვარიანტები
Cooper S 1965 Victory Edition-ში Mini მომხმარებელს 3 ტიპის ძალურ აგრეგატს სთავაზობს. სტანდარტულ ვერსიაში შეხვდებით ტურბოჩაბერვის მქონე 2-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ძრავას, რომელიც 201 ცხ.ძ-სა და 300 ნიუტონს გამოიმუშავებს — მანქანა 100 კმ/სთ-მდე 6.6 წამში ჩქარდება.
ამ ვარიანტის გარდა, მსურველებს შეეძლებათ JCW ვარიანტი აარჩიონ, რომლის გაუმჯობესებული ძრავა 228ცხ.ძ-სა და 380 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც მოდელს საშუალებას მისცემს, 100კმ/სთ სიჩქარე 6.1 წამში განავითაროს. 

თუ ასე კუპერი ზედმეტად ნელი გეჩვენებათ, შეგიძლიათ არჩევანი John Cooper Works Electric-ზე გააკეთოთ, რომელიც 100კმ/სთ-მდე 5.9 წამში აჩქარდება გამომუშავებული 255ცხ.ძ-ის ხარჯზე. მოდელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მას ერთი დამუხტვით 400 კმ-მდე მანძილის გავლა შეუძლია.
სპეციალური გამოშვების მოდელი მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა და მისი შეძენა მსურველებს, დაახლოებით, 50 000 დოლარად შეეძლებათ.