BMW-ს ონლაინმაღაზიიდან ახალი მოდელების სახელწოდებებმა გაჟონა
BMW-მ პირობა დადო, რომ 2027 წლის ბოლომდე კომპანია დაახლოებით 40 ახალ ავტომობილს გამოუშვებდა. ეს გეგმა ავტომწარმოებლის Neue Klasse-ის საწარმოო ხაზის გაფართოებას ისახავს მიზნად, რომლის პიონერიც iX3-ია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე მოდელია წარდგენილი, კომპანიის აშშ-ის ონლაინმაღაზიიდან BMW-ს მომავალმა პორტფოლიომ შემთხვევით გაჟონა.

პორტფოლიო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, BMW-ს მოდელების ფართო სპექტრს მოიცავს — მეორე სერიიდან მეშვიდე სერიის ჩათვლით. ეჭვგარეშეა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ამ სიაში M2 xDrive-ია. აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ BMW თავისი ყველაზე პატარა „M“ მოდელისთვის სრულძრავიანი სისტემის გამოყენებას გეგმავდა და, თუ ეს გაჟონვა სწორია, პროექტს მალე რეალობაშიც ვიხილავთ. M2 ამჟამად ერთადერთი სრულფასოვანი M მოდელია, რომელიც xDrive-ის გარეშე გამოდის, თუმცა ეს მოცემულობა 2027 წლისთვის შეიცვლება.

BMW USA-ის ონლაინმაღაზიის გაჟონილი ინფორმაცია მხოლოდ M2 xDrive-ით არ შემოიფარგლება. საინტერესოა, რომ მესამე სერიის ხაზში M350 xDrive-ს ვხედავთ. ეს მიუთითებს მომავალი თაობის მესამე სერიაზე (G50), სადაც M340i-ს ახალი M Performance ვერსია ჩაანაცვლებს (ბენზინის მოდელების სახელწოდებიდან ინდექსი „i“ ქრება). პორტფოლიო ასევე მოიცავს ორ სრულად ელექტრო მოდელს: i3 40 xDrive-სა და i3 50 xDrive-ს. რაც შეეხება iX3-ს, 2027 წლისთვის ის სამ ვერსიად იქნება წარმოდგენილი: 40 sDrive (უკანა წამყვანი), 40 xDrive და 50 xDrive.
ორ ვერსიად ვიხილავთ iX4-საც: 40 xDrive და 50 xDrive. კუპეს სტილის ეს კროსოვერი iX3-ის უფრო სპორტული ალტერნატივა იქნება, თუმცა უკანა რიგში ნაკლები სივრცითა და მცირე მოცულობის საბარგულით.

გაჟონილ სიაში მესამე სერია ჯერჯერობით მცირე დოზითაა წარმოდგენილი, რადგან BMW-ს სრულად განახლებული მოდელი ჯერ არ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ სიაში 760i პირდაპირ არ ფიგურირებს, წესით, წარმოებაში V8 ძრავა უნდა დარჩეს. გავრცელებული ცნობები ახალ რვაცილინდრიან M760-ზეც მიგვანიშნებს M Performance ლოგოთი. თუმცა, სამწუხაროდ, V12 ძრავის დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია — ის მხოლოდ Rolls-Royce-ის პრეროგატივად რჩება.