აშშ, ჩინეთი, ბიუაიდი, ჩინური, ბივაიდი
Aa
Aa

აშშ-ის „ჯენზი“ ჩინური ავტომობილების შესაძენად მზადაა, „მილენიალები“ — არა

თუ ამერიკული საავტომობილო პორტალების კომენტარების სექციაში საკმარისად დიდ დროს დაჰყოფთ, აუცილებლად წააწყდებით კომენტარს, რომელშიც კონკრეტულ ამერიკულ მოდელს ჩინურ ანალოგს ადარებენ და მის ტექნოლოგიურ უპირატესობას უსვამენ ხაზს. მიუხედავად ამისა, ამერიკულ ბაზარზე ჩინური ავტომობილის შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

ამის მიზეზი არსებული რეგულაციებია — ამერიკულ სადილეროებს ჩინური მანქანების გაყიდვა არ შეუძლიათ და, ცხადია, ქვეყანაში არც კონკრეტული ჩინური ბრენდების სადილეროები არსებობს. შესაბამისად, აზიური გიგანტის მიერ წარმოებული მანქანები ამერიკულ ბაზარზე ალტერნატივად მხოლოდ თეორიულ მსჯელობაში განიხილება...

Cox Automotive-მა ამერიკელი მძღოლების მზაობას, შეიძინონ ჩინური ავტომობილი, კვლევა მიუძღვნა. გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ უდიდესი ალბათობით, ჩინურ ელექტრომობილს შანსს მისცემდა და შეიძენდა — 39% ამბობს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ იზამდა. შესაბამისად, ზოგად სურათში მეტ-ნაკლები თანაფარდობაა, თუმცა აქვე შემოდის ერთი საინტერესო ქვესიმრავლე. თუ ასაკობრივად ჩავშლით, ჩინური ბრენდის მოდელის შეძენას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამერიკელი ჯენზის 69% განიხილავს. „მილენიალებისა“ (1980-იანებში დაბადებული ადამიანები) და მათზე უფროსების დიდი უმრავლესობა კი სკეპტიკურადაა განწყობილი.

მიუხედავად ამ რიცხვებისა, ჩინურ ბრენდებს კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 17% იცნობს, 33%-ს კი სმენია მათ შესახებ. ყველაზე პოპულარული მარკა კი BYD-ია. 

გამყიდველები მყიდველების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა, დაახლოებით, 40% ამბობს, რომ აშშ-ში იმპორტირებული ჩინური ბრენდებით დაინტერესდებოდა, დილერები ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მათმა მხოლოდ 15-მა პროცენტმა განაცხადა, რომ შტატებში ამ ავტომწარმოებლების მოდელების ჩამოსვლას მიესალმებოდა.

გამოკითხული სადილეროების 92%-ში განაცხადეს, რომ პრობლემა ამ ავტომობილების უსაფრთხოებასა და ხარისხთან დაკავშირებული პასუხგაუცემელი კითხვებია, რომლებმაც, შესაძლოა, სწორედ სადილეროები დააზარალოს. თუმცა, დილერებმა მაინც განაცხადეს, რომ თუ ჩინელებს აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე დაუშვებენ, სტრატეგიას ისინიც ახალი რეალობის შესაბამისად შეცვლიან. 

ეს, სავარაუდოდ, პარტნიორობების სახით მოხდება. კერძოდ, ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ჩინური ავტომობილის შეძენის მზაობას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკულ ბრენდებთან კოლაბორაციით შეიქმნებოდა — ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მზაობა 38-დან 76%-მდე გაიზარდა.

ბოლოს კი, საინტერესოა ფაქტორები, რომლის გამოც ამერიკელი მომხმარებელი ჩინურ ავტომობილს შეიძენდა — ტექნოლოგიებზე თუ თვალს დავხუჭავთ, პირველ რიგში, ეს ხელმისაწვდომი ფასია: დღესდღეობით, შტატების ბაზარზე აღარ დარჩა მოდელი, რომლის ახალ მდგომარეობაში შეძენასაც მძღოლი 20 000$-ზე იაფად შეძლებს.

სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, ჩინური ბრენდები აშშ-ის საზღვარს მაინც გადაკვეთენ და აღნიშნული კვლევის რეალობაში გარდასახვასაც მოვესწრებით... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები