ელექტრომობილი, ჰონდა, ჰონდა ინსაითი
Aa
Aa

Honda Insight-ი დაბრუნდა და ის სრულად ელექტროა

Honda-ს პირველი მასობრივი წარმოების ჰიბრიდი, გასული თაობის მოდელის წარმოების შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ ბრუნდება. თუმცა, კიდევ ერთხელ, მოდელში იცვლება კორპუსის სტილი და ის ახალ თაობაში კროსოვერად გვევლინება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა ფაქტია: კერძოდ კი ის, რომ თუ წინა მოდელები სრულად ჰიბრიდული იყო, ამჯერად Insight-იდან შიგაწვის ძრავა სრულად გამქრალია.

გამოდის, რომ Honda-ს Insight-ი ხელახლა დაიბადა, ოღონდ ახლა უკვე როგორც წმინდად ელექტრო კროსოვერი, მკვეთრი სტილით. თუმცა, არა ისეთი კუთხოვანი ექსტერიერით, როგორიც წარსულში Honda 0 სერიის მოდელების შემთხვევაში გვინახავს. ავტომობილის წინა და უკანა მხარეს დამატებული ბუმერანგის ფორმის განათება კი Stellantis-ის DS Automobiles-ს მოგაგონებთ და 2026 წლის დიზაინის ტენდენციებსაც იმეორებს.

საინტერესოა ის მსგავსებაც, რომელსაც ახალ Insight-სა და Honda-ს ჩინეთში გაყიდულ ავტომობილებს შორის ვხედავთ — მაგალითად, როგორიცაა e:NS2-ის ბატარეაზე მომუშავე ელექტრო კროსოვერი, რომელიც Dongfeng-ისა და Honda-ს ერთობლივმა საწარმომ 2024 წელს გამოუშვა. ასევე, საკმაოდ ნაცნობ დიზაინს მიჰყვება მოდელის ინტერიერიც.


ამ ეტაპზე იაპონურ ავტომწარმოებელს ახალი თაობის Insight-ის ტექნიკური მახასიათებლები არ გაუმხელია. რაც ვიცით, არის ის, რომ Honda-ს ერთი სრული დამუხტვით 500 კილომეტრის დიაპაზონის დაფარვის უზრუნველყოფა შეუძლია. ელექტროძრავა 310 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო სპეციალური სპორტული რეჟიმი გაძლიერებულ „ხმოვან ეფექტებსაც“ გვთავაზობს.

მაბრუნი მომენტის ეს მაჩვენებელი იდეალურად ემთხვევა e:NS2-ისას. ცნობისთვის, Honda-ს ჩინურ ელექტრო კროსოვერს წინა მხარეს განთავსებული ძრავა აქვს, რომელიც 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ენერგიას 68.8 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორიდან იღებს. CLTC ციკლის თანახმად, ჩინური ვერსიის დაფარვის დიაპაზონი 545 კილომეტრია.

რაც შეეხება ინტერიერს, თანამედროვე მოდელების მსგავსად, ეს ვერსიაც სრულად ფუნქციონირებადია. 12.8-ინჩიანი სენსორული ეკრანი 9.4-ინჩიან ციფრულ ხელსაწყოთა პანელს უერთდება. ამ ავტომობილში Honda-მ რამდენიმე ფიზიკური ღილაკიც შეინარჩუნა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც მის გლობალურ მოდელებში გვინახავს.

ცნობისთვის, ახალი Insight-ი გაყიდვაში იაპონიის ბაზარზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩაეშვება, ხოლო Honda ჯავშნების მიღებას 19 მარტიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები