McLaren-ის Le Mans-ის ჰიპერქარის შეძენა უკვე შესაძლებელია | საგზაო ვერსია გზაშია
McLaren-ის დიდი ხნის ნანატრი ჰიპერქარი, LMDh, მალე რბოლებში მონაწილეობისთვის მზად იქნება, თუმცა ავტომწარმოებელს მძღოლებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს. Le Mans-ის მოდელი შესაძენად ახლა უკვე მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ჰიბრიდული აღჭურვილობის გარეშე. McLaren-ის საგზაო ვერსია სარბოლო მოდელის ელექტრიფიცირებულ სისტემას არ გამოიყენებს და მის ნაცვლად სუფთა, შიგა წვის სიმძლავრეს შემოგვთავაზებს.
რეალურად, Aston Martin Valkyrie LMH-ის მსგავსად, McLaren-ის ეს ჰიპერქარიც არაპროფესიონალი მძღოლებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც სარბოლო გამოცდილებისა და ემოციების მიღება სურთ. ერთი შეხედვით, McLaren-ის სახით ისინი ნამდვილ სარბოლო მანქანას მიიღებენ, თუმცა ტრასისთვის განკუთვნილს.

ჯერ კიდევ 2025 წლის შუა პერიოდში, McLaren-მა შეზღუდული რაოდენობით თავისი ჰიპერქარის მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვერსიების გამოშვება დააანონსა. ახალი მოდელები „პროექტი: გამძლეობა“-ს სახელით უნდა გამოსულიყო. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდები, რომ ავტომწარმოებელი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ვერსიასაც სარბოლო მოდელის ძრავით აღჭურვავდა, თუმცა ეს მოლოდინები არ გამართლდა. McLaren-ის HyperTrack Cars-ის ხელმძღვანელმა, ნილ ანდერვუდმა, ამის ალბათობა ავსტრალიაში გამართულ პრეზენტაციაზე გამორიცხა.

ცნობისთვის, სარბოლო მოდელი ტვინტურბო V6 ძრავას იყენებს, რომელიც ელექტროძრავასთან ერთად 671 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ვერსიას მხოლოდ 2.9-ლიტრიანი V6 ძრავა ექნება, რომლის გამომუშავებაც, WhichCar-ის თანახმად, 720 ცხენის ძალას მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია Solus GT-ის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავის მიერ გამომუშავებულ 829 ცხენის ძალასთან შედარებით, მაგრამ დახურულ ტრასაზე ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ეს განსხვავება დიდად შეიგრძნოს.
წარმოების მოცულობასთან დაკავშირებით McLaren-ს ჯერ არაფერი უთქვამს. შესაძლოა ავტომწარმოებელმა იმდენი მოდელი გამოუშვას, რამდენსაც მომხმარებელი მოინდომებს, თუმცა ჯერ ესეც გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ, როგორც სარბოლო მოდელის, ისე მისი „არაჰიბრიდული“ ვერსიის ტესტირება მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო მიწოდებას 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ.