შევროლეტი, ტუნინგი, შევროლე, ფურგონი, შევროლე ქეი5 ბლეიზერი, ველოსითი
Aa
Aa

ტუნერებმა ლეგენდარული Chevrolet K5 Blazer-ი საქალაქო ფურგონად გადააქციეს

Chevrolet K5 Blazer-ის რესტავრაცია და მოდერნიზაცია იშვიათი ნამდვილად არ არის. მფლობელები, რომლებსაც სურთ, მათი K5 გამორჩეული იყოს, ხშირად ცვლიან სტანდარტულ ძალურ აგრეგატს უფრო ძლიერით, აახლებენ საკიდრის კომპონენტებს და, შესაბამისად, ლეგენდარულ მოდელს უგზოობისთვის ამზადებენ. მიუხედავად ამისა, 1972 წლის K5 Blazer-ი რომელსაც ამ სტატიაში გაიცნობთ, განსხვავებული შემთხვევაა — Velocity Restorations-მა განსხვავებული გზით წასვლა გადაწყვიტა.

Velocity-ის Street Series-ის ხაზის წარმომადგენელი K5 ტუნერებმა სრულად Roadster Shop Spec-ის შასიზე გადააწყვეს. თავისთავად, მნიშვნელოვნად შეიცვალა საკიდარი — ახლა მანქანა სტანდარტულზე ბევრად დაბლა დგას, რაც მას ლოურაიდერის ვიზუალს უფრო ანიჭებს, ვიდრე უგზოობის მონსტრის. 

ცხადია, ცვლილებები აქ არ მთავრდება — ექსტერიერი China Gray რუხ ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც Audi-ს ცნობილ Nardo Gray-ს წააგავს, თუმცა ოდნავ უფრო მუქია. რესტავრირებული და დატუნინგებული სხვა K5-ებისგან განსხვავებით, ეს მოდელი რბილსახურავიანი არ არის — მას მყარი, შავი ფერის სახურავი აქვს, რომელიც არ იხსნება. 

განახლებულია ბამპერი და ცხაურა, უკანა ხედვის გვერდითა სარკეები, კარის სახელურები, ემბლემები და დისკები — ტუნერებმა K5-ს Forgeline-ის 18-დუიმიანი დისკები დაუყენეს. 

კაპოტის ქვეშ კი ცხოველი იმალება — GM-ის 6.2-ლიტრიანი LT1 V8 ძრავა, რომელიც 460 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს — ეს სიმძლავრე ბორბლებს 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. Borla-ს სპეციალური შეკვეთით დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა კი ძრავას მონაცემების შესაფერისად „ახმოვანებს“. მოდელი უკან ამძრავია, რაც ნიშნავს, რომ თუ პერფორმანსისა და თავზეხელაღებული მართვის მოყვარული ხართ, ეს მანქანა ნამდვილად გასიამოვნებთ.  

ბუნებრივია, შეცვლილია ინტერიერიც. Velocity-ის ტუნერებმა შეცვალეს სალონის ტყავი, დაამონტაჟეს Dakota Digital-ის ინდიკატორები და თანამედროვე მულტიმედიის სისტემა, რომელიც Apple CarPlay-სა და Android Auto-სთან თავსებადია. 

ოფიციალური ფასი ამ კონკრეტულ მოდელს არ ადევს, თუმცა Velocity Restorations-ის მანქანები იაფი არასდროს არის — მათი ფასი, საშუალოდ, 275 000-დან 300 000 დოლარამდე მერყეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები