ჩინურმა ბრენდმა Range Rover Sport-ის რეკლამის მოპარვისთვის ბოდიში მოიხადა
ჩინური ავტომწარმოებლების ნაწილი დასავლური მოდელებისგან „ინსპირაციას“ არც ისე იშვიათად იღებს და ხშირად ზედმეტად ახლოს მიდის ზღვართან, რომელიც გავლენასა და პლაგიატს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას შორის გადის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური ბრენდები ცდილობდნენ, ეს რეპუტაცია გაენადგურებინათ და მეტად თვითმყოფადები ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც ჩანს, Great Wall Motor-მა წარსული მაინც გაიხსენა. 
GWM-მა მცირე ხნის წინ თავისი ახალი SUV-ის, Wey V9X-ის სარეკლამო პოსტერი გამოაქვეყნა — ერთი შეხედვით, ფოტო ადეკვატურად გამოიყურება, თუმცა ავტომოყვარულების მახვილ თვალს რთულია, რამე გამოაპარო... ინტერნეტ-მომხმარებლები მალევე მიხვდნენ, რომ ჩინურმა ბრენდმა Land Rover-ის გასული წლის პოსტერი გადააკეთა, რომელიც Range Rover Sport-ისთვის მომზადდა. მიხვდა რა, რომ უკან დასახევი გზა არ დაუტოვეს, GWM-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელებში ბოდიში მალევე მოიხადა.
თავდაპირველ ფოტოში, პიჯაკში გამოწყობილი აზიელი მამაკაცი შავი Range Rover Sport-ის წინ დგას და ხელს მანქანის კაპოტისკენ იშვერს — ფონზე წითელ ფერებსა და კვამლს ვხედავთ. GWM-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს ფონიც ანალოგიურია და აზიელ მამაკაცს აქაც ვხედავთ, განსხვავება მხოლოდ ორია: პირველი, ეს უკანასკნელი ავტომობილის კაპოტს ეხება, ხოლო მეორე პრობლემა ის არის, რომ ავტომობილი არათუ Range Rover Sport-ი, არამედ GWM Wey V9X-ია. 
შესაძლოა, მცირე დეტალების სესხება დიდი პრობლემა არ იყოს, თუმცა ასეთი დამთხვევები არ ხდება, რისი აღიარებაც ჩინურ კომპანიაშიც მოუწიათ.
„გადამოწმების შემდეგ, პოსტერი ნამდვილად პლაგიატია. ამას გამართლება არ აქვს — მე ბოდიშს ვუხდი Land Rover-სა და მათი პოსტერის დიზაინერს, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, რომლებიც მენდობიან. Great Wall Motors-ი და მე მზად ვართ, სრულად ავიღოთ საკუთარ თავზე ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა", — განაცხადა კომპანიის თავმჯდომარემ, ვეი ძიანგძიუნმა.