ფოლცვაგენი, პორშე, ფოლკსვაგენი, ფოლკსვაგენ გრუპი
Aa
Aa

Volkswagen-ი 2030 წლამდე 50 000 თანამშრომელს გაუშვებს

Volkswagen-ის მიერ მცირე ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს კომპანიის საოპერაციო მოგება განახევრდა, რაც ტარიფების, ჩინეთიდან მომვალი კონკურენციისა და ბაზარზე არსებული არასტაბილურობის „დამსახურებაა“. შესაბამისად, VW Group-ის აღმასრულებლებმა ხარჯების შემცირებაზე დაიწყეს ფიქრი — ერთ-ერთი გამოსავალი 2030 წლამდე 50 000 სამუშაო ადგილის გაუქმება იქნება...

როგორც აღინიშნა, გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2025 წელს 10.3-მილიარდდოლარიანი საოპერაციო მოგება დააფიქსირა, რაც 2024 წლისას 53%-ით ჩამოუვარდებოდა (ისევე როგორც კომპანიაში არსებულ ყველა მოლოდინს...). პარალელურად, შემოსავალი თითქმის არ შეცლილა და 374 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

კომპანიის განცხადებით, მთავარი მიზეზი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფებია — პრობლემა, რომელმაც ფოლკსვაგენს მილიარდობით დოლარი აზარალა. არანაკლებ დიდი პრობლემაა ჩინეთიც — გერმანული ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარი, რომელიც ადგილობრივი ბრენდების მოძლიერების გამო, დღითიდღე უფრო და უფრო კონკურენტული ხდება... 

კორპორაციის თავისტკივილს Porsche-ც დაემატა. მდიდრული სპორტქარების მწარმოებელმა ელექტრომობილების სეგმენტში არსებული პრობლემების გამო სტრატეგია განაახლა და გადაწყვიტა, შიგაწვის ძრავა შეენარჩუნებინა, რამაც კომპანიის ხარჯები დამატებით 3.5 მილიარდი დოლარით გაზარდა.

პორშეს EV სტრატეგიის პრობლემები კი მაინც გრძელდება. 2025 წელს ბრენდის საოპერაციო მოგება 98%-ით შემცირდა და მხოლოდ 90 მილიონი ევრო შეადგინა — მარჟა კი 0.3%-მდე შემცირდა, როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 14.5% იყო. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Volkswagen-ის საოპერაციო მარჟა 2024 წლის 5.9%-დან 2025 წელს 2.8%-მდე შემცირდა. ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა 2025-ს „გამოწვევებით სავსე წელი“ უწოდა და CNBC-ს განუცხადა, რომ ფოლკსვაგენი ევროპაში კვლავ ძლიერია, რადგან ელექტრომობილების ბაზარზე მისი წილი 27%-მდე გაიზარდა. 

ერთი სიტყვით, საავტომობილო ინდუსტრია დაუნდობელია და ზოგჯერ ქამრის შემოჭერა გიგანტებსაც უწევთ... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები