ელექტრომობილები, ბიემვი, ბიემვი აი4, ბეემვე, წარმოების დასასრული, ბეემვე აი 4
Aa
Aa

BMW-მ i4-ის წარმოების დასრულება გადაწყვიტა

მას შემდეგ, რაც BMW-მ განახლებული i4-ის ხაზი წარადგინა, ჯერ ერთი წელიც არ გასულა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ამ ელექტრომობილის წარმოებას წყვეტს. ეს სიურპრიზი, ალბათ, არ არის, რადგან ბავარიულმა ბრენდმა ახლახალ სულ ახალი i3 ოფიციალურად წარადგინა. 

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

მართალია, ახალი მოდელი ბევრად უფრო განვითარებულია, თუმცა ურიგო ელექტრომობილი არც 2021 წელს გამოჩენილი i4 იყო. i4-ს ვერც იმას დავაბრალებთ, რომ პოპულარობით არ სარგებლობდა — 2024 წელს მასზე არჩევანი 23 403-მა ამერიკელმა შეაჩერა, გასულ წელს კი, ფედერალური შეღავათების გაუქმების მიუხედავად, სედანი 20 114-მა მძღოლმა მაინც შეიძინა. 

i4 მხოლოდ გარემოზე მზრუნველ მომხმარებელს არ მოსწონდა — ის 2022-2024 წლებში BMW-ის ყველაზე გაყიდვადი M მოდელიც იყო. ბოლო ვერსია, i4 M60 შთამბეჭდავ სიმძლავრეს — 593 ცხ.ძ-ს გვთავაზობს და 100 კმ/სთ-მდე 3.6 წამში ჩქარდება. ამავდროულად, ელექტრომობილი ერთი დამუხტვით სოლიდურ 447 კილომეტრს გადის. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, Autocar-ის ცნობით, i4 წარმოებიდან მომავალი წლიდან გაქრება. გამოცემა BMW-ის საბჭოს წევრ იოხენ გოლერსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრენდის ბოლო 20 წლის გათვალისწინებით, სიახლეების მუდმივობა და ძველი მოდელების წარმოების შეჩერება ნორმალური პროცესია. 

i4-ს ვემშვიდობებით, თუმცა, შესაძლოა, ეს ხანგრძლივი განშორება არ იყოს — გავრცელებული ცნობებით, კომპანია ახალ მე-4 სერიაზე მუშაობს, რომელიც როგორც შიგაწვისძრავიანი, ისე ელექტრომობილის ფორმით იქნება ხელმისაწვდომი. 

რაც შეეხება i3-ს, ის, ერთი შეხედვით, შესანიშნავი ელექტრომობილია და მასზე გუშინ უკვე დეტალურად ვისაუბრეთ.

ასევე იხილეთ: BMW-მ ახალი i3 წარადგინა, რომელმაც მე-3 სერიის მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები