ფერარი, ბენტლი, მენსორი, მასერატი, კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთი
Aa
Aa

Ferrari და სხვა მდიდრული ბრენდები ახლო აღმოსავლეთში მანქანების მიწოდებას წყვეტენ

მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში სუპერქარები და ზემდიდრული ავტომობილები ძალიან უყვართ (პრინციპში, სად არ უყვართ, თუმცა ამ რეგიონში, სხვათაგან განსხვავებით, მათი ყიდვა ბევრს შეუძლია) — შესაბამისად, ეგზოტიკური მანქანების დიდი ნაწილი, ხშირად, სწორედ იქეთ მიემართება. 

ამჯერად ამ ტენდენციას ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი არღვევს. Bloomberg-ის ცნობით, Ferrari-მ საომარ მდგომარეობაში მყოფ რეგიონში მიწოდების უდიდესი ნაწილი შეწყვიტა (რამდენიმე მოდელის საჰაერო გზით მიწოდება შესაძლებელი მაინც გახდა. 

სკუდერიას მიბაძა თანამემამულე Maserati-მაც და ეს გადაწყვეტილება ბრენდმა ლოჯისტიკური წინაღობებითა და უსაფრთხოების გაუარესებული ვითარებით ახსნა.

ცხადია, მიწოდების შეჩერება მხოლოდ იტალიური ბრენდებით არ სრულდება — მათ გვერდით დგანან ბრიტანელებიც... Bentley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკ-შტეფენ ვალიზერმა არსებულ ვითარებაზე და რეგიონში მოთხოვნის შემცირებაზე კვირის დასაწყისში ისაუბრა:

„ჩვენს წარმოებაზე ეს ომი, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს, თუმცა ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებლებს ახლა ახალი Bentley-ის ძიებაზე მნიშვნელოვანი სადარდებელი აქვთ", — განაცხადა მან.

Bloomberg-ი ლეგენდარულ ტუნინგ-ატელია Mansory-საც გაესაუბრა, სადაც განაცხადეს, რომ თითოეულ შეკვეთას ინდივიდუალურად უდგებიან, თუმცა ამ ეტაპზე, ყველაფერი ძალიან გართულებულია, რადგან საჰაერო გზით მდიდრული ავტომობილის მიწოდება 4-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი საზღვაო გზით გადაზიდვა. 

მიწოდების პრობლემები კი ჯერჯერობით, არ გადაიჭრება, რადგან ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასა და გემებზე თავდასხმას აგრძელებს. PBS-ის ცნობით, ომის დაწყების დღიდან, თავს, სულ მცირე, 20 გემს დაესხნენ. 

მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებისა, რომ ომი თითქმის დასრულებულია, ირანმა მაინც შეძლო ახლო აღმოსავლეთში მდებარე ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე წარმატებით თავდასხმა. Associated Press-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კატარში მდებარე თხევადი ბუნებრივი აირის საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

ამავდროულად, თავდასხმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის ფასიც — ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თუ ქვეყნის ინფრასტრუქტურას თავს ისევ დაესხმებიან, პასუხი მყისიერი და ანალოგიური იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები