საწვავის გაძვირების გამო, აშშ-ში ელექტრომობილების მიმართ ინტერესი იზრდება
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ნავთობის ფასმა, დაახლოებით, გასული 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ — ეს ნიშნავს, რომ თუ შიგაწვისძრავიან ავტომობილს მართავთ, მისი ავზის შესავსებად უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევთ... 
უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდამ ნავთობის მოხმარება დღეში 2.3 მილიონი ბარელით შეამცირა. ეს მაჩვენებელი, ცხადია ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზრდება. არსებული გამოთვლებით, 2030 წლისთვის ელექტრომობილები მსოფლიოს დღეში 5.25 მილიონ ბარელ ნავთობს დაუზოგავენ.
ასევე იხილეთ: ბოლო ერთ კვირაში საქართველოში საწვავის ფასი 5-დან 32 თეთრამდე გაიზარდა
BloombergNEF-ის ცნობით, საწვავზე მოთხოვნის შემცირებაში მთავარი „დამნაშავე“ 2 და 3-ბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტია, რომელზე მოთხოვნაც აზიის კონტინენტზე ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. სხვა კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტორია დამუხტვადი ჰიბრიდებიც — გასულ წელს ამ ტიპის ავტომობილები დღიურად 1.7 მილიონ ბარელს ზოგავდნენ.
Bloomberg-ი წერს იმასაც, რომ ამერიკელი მძღოლები მიმდინარე კვირაში, გასულთან შედარებით, საწვავში 1.65 მილიარდი დოლარით. ვინაიდან საწვავის ფასების ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ გაგრძელდება, ბუნებრივია, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი ამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
CarEdge-ის ანგარიშის თანახმად, ირანზე თავდასხმის შემდეგ პორტალზე ელექტრომობილების ძიების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. ყველაზე ხშირად მომხმარებელი Tesla Model Y-სა და Chevrolet Equinox EV-ს ეძებს. მართალია, ნავთობის გაზრდილი ფასი ელექტროენერგიის ფასზეც იმოქმედებს, თუმცა შეღავათი, წესით, მაინც მნიშვნელოვანი იქნება.