აუქციონი, სუბარუ, სუბარუ იმპრეზა, სპორტქარი, სუბარუ იმპრეზა ეს201
Aa
Aa

აუქციონზე Impreza-ს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და იშვიათი ნიმუში გაიყიდება

ავტომოყვარულებმა იციან, რომ Subaru ყოველთვის დღევანდელივით მოკრძალებული ბრენდი არ იყო — სანამ იაპონური ავტომწარმოებელი თავისი საწარმოო ხაზის უდიდეს ნაწილს არაფრით გამორჩეული SUV-ების აწყობას დაუთმობდა, ის ასეთ სპორტქარებს აწყობდა. ეს 2000  წლის 300 ერთეულად გამოსული Subaru Impreza S201 STI-ის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც აუქციონზე გაიყიდება.

ერთი შეხედვით, S201 ზედმეტად გადაპრანჭულს ჰგავს — წინა ბამპერი თოვლის საფხეკივითაა გამოშვერილი, გიგანტური უკანა სპოილერი და ბამპერი კი, თითქოს, ტუნინგ-ატელიემ შექმნა... გაიარეთ ამ მოდელით თანამედროვე ქუჩებში და ყველა იფიქრებს, რომ ის ძველი WRX-ია, რომელსაც ენთუზიასტმა ყველა დეტალი მიამაგრა, რომელიც ხელში ჩაუვარდა. 

ასევე იხილეთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია

 

გასაკვირი კი სწორედ ის არის, რომ ავტონაწილების ბაზრობიდან ამ Impreza-ს არც ერთი ნაწილი არ მოსულა და ის სრულად Subaru-მ ააწყო. S201-მა GC8 თაობის Impreza დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა, შესაბამისად, Subaru Tecnica International-მა ძალიან მოინდომა. მანქანა 2-ლიტრიანი, EJ20 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 296 ცხ.ძ-სა და 353 ნიუტონს გამოიმუშავებს — ეს კი თავის დროზე იაპონიის 276-ცხენისძალიან არაოფიციალურ ლიმიტს აჭარბებდა. 

თავისი დროისათვის ყველაზე მძლავრ (სტანდარტული გზებისთვის განკუთვნილი) Impreza-ს აქვს წინა და უკანა თვითბლოკირებადი დიფერენციალები, განახლებული საკიდარი, RAYS-ის დისკები და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ძარას ტიუნინგ-პაკეტი, რაც კი Subaru-ს შეუქმნია. 

აუქციონზე გამოსული მოდელის ოდომეტრი 159 600 კილომეტრს აჩვენებს და მცირე ცვლილებებისა და გადაღებვის მიუხედავად, მაინც შესანიშნავ მდგომარეობაშია. თუ დაინტერესდით, თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ და გახსოვდეთ, რომ S201 STI იმ დროის „შვილია“, როცა იაპონური ავტომწარმოებელი მანქანებს რალის ფანებისა და ქუჩის მრბოლელებისთვის აწყობდა, რომელთაც მანქანისგან პერფორმანსისა და ადრენალინის მიღება სურდათ.

მსგავსი სიახლეები