საწვავი, საწვავის კრიზისი, კონფლიქტი, სლოვენია
Aa
Aa

სლოვენიაში საწვავის რაციონირების სისტემა ამოქმედდა

სლოვენია ევროკავშირში შემავალი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „საწვავის რაციონირების“ მიდგომა დანერგა. გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის მიზეზითაა მიღებული, რაც არა მარტო სლოვენიაში, არამედ გლობალურ ბაზარზეც ნავთობის დეფიციტს ქმნის.

მიწოდების შეზღუდვის შედეგად, სახელმწიფოთა უმრავლესობაში საწვავის ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სლოვენია კი „საწვავის ტურიზმის“ ეპიცენტრში მოექცა, რადგან მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები პირებისთვის, განსაკუთრებით ავსტრიიდან, დაბალი, რეგულირებადი ფასების გამო დაინტერესება გაიზარდა.

ახალი ზომების მიხედვით, სლოვენიაში კერძო მძღოლებს დღეში მაქსიმუმ 50 ლიტრი საწვავის შეძენის უფლება ექნებათ. ბიზნესებისა და ფერმერებისთვის კი დასაშვები მოცულობა 200 ლიტრამდე განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სლოვენიაში საკმარისი საწვავია, საწყობები სავსეა და დეფიციტი არ შეიქმნება.

ახალი წესებით, ლიმიტის კონტროლი თავად ბენზინგასამართ სადგურებს დაევალათ — შესაბამისად, ისინი არიან ვალდებულნი, გააკონტროლონ, რომ მომხმარებლებმა დასაშვებ რაოდენობაზე მეტი საწვავი არ შეიძინონ. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა კომპანიებს უცხოელ მძღოლებზე უფრო მკაცრი ლიმიტების დაწესებისკენაც მოუწოდეს.

ასევე იხილეთ: ეკონომიურად მართვის რჩევები

შედარებისთვის, ავსტრიაში Euro-super 95 ბენზინის ფასი უკვე 1.80 ევროს უახლოვდება, ხოლო დიზელის ფასი 2 ევროს აღწევს. სლოვენიაში კი ამჟამად ფასები დარეგულირებულია: ბენზინის ფასის მაქსიმუმი 1.47 ევროა, ხოლო დიზელის — 1.53 ევრო. თუმცა არსებული ვითარების ფონზე ფასები მუდმივად ცვალებადია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები