საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 2025 წლის სტატისტიკა
2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საბოლოო სტატისტიკა გამოაქვეყნდა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საგზაო წესების დარღვევის 4.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2024 წელთან შედარებით 14.5%-ით მეტია. დაფიქსირებული კანონდარღვევების უმეტესობა — დაახლოებით 2.2 მილიონი შემთხვევა — დედაქალაქზე მოდის. ცნობისთვის, წარმოდგენილი მონაცემები 2026 წლის 22 თებერვლის მდგომარეობითაა დამუშავებული, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი კი +/- 0,05%-ია.
განახლებული მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მძღოლები ყველაზე ხშირად „დგომა-გაჩერების“ წესებს არღვევდნენ. კერძოდ, ყველაზე ხშირად დარღვეული მუხლი იყო: „ამკრძალავი ნიშნის — „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ — მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა“. საერთო ჯამში, გასულ წელს ამ მუხლის დარღვევის 862 903 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან მხოლოდ თბილისზე 733 127 შემთხვევა მოდის.
2025 წელს მეორე ყველაზე გავრცელებული კანონდარღვევა (429 506 შემთხვევა) საგზაო ნიშნების, მონიშვნებისა და წესების დარღვევას ეხება, რაც აფერხებს მოძრაობას და სხვა მძღოლებისთვის გზაზე სახიფათო სიტუაციას ქმნის. ამ რიცხვიდან დედაქალაქზე კანონდარღვევის 315 581 შემთხვევა ფიქსირდება.
კერძოდ, ეს მუხლი გულისხმობს: „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევას, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას“.
ხშირ კანონდარღვევებს შორისაა „იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა ან დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება — ფიზიკური პირი“. საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების გარეშე მანქანის საექსპლუატაციოდ დაშვების 258 744 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში — 100 391.
ასევე დაგაინტერესებთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის 141 427 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობის — 96 000-ზე მეტი.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვასა და ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას — სულ გასულ წელს 11 605 კანონდარღვევის შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან თბილისზე 4 274 მოდის.