ჩინეთი, ელექტრომობილები, ფოლკსვაგენ გრუპი, შკოდა, ინდოეთი
Aa
Aa

Skoda-ს ჩინური პროექტი ჩავარდა | ჩეხური ბრენდი ინდოეთში გადაინაცვლებს

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩინეთის საავტომობილო ბაზარი დრამატულად შეიცვალა, რისი უპირველესი მიზეზიც ადგილობრივი ბრენდების მოძლიერება და მოსახლეობის ელექტრომობილებისკენ და ჰიბრიდებისკენ გადახრაა. ქვეყნის საავტომობილო გემოვნების ცვლილების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი Skoda-ა, რომელიც, Volkswagen-ის განცხადებით, ჩინურ ბაზარს მიმდინარე წლის შუაში დატოვებს. 

არც ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთი ჩეხური ბრენდის ყველაზე დიდი ბაზარი იყო. მეტიც, Skoda-ს მიერ წარმოებული ყოველი მე-4 მანქანა სწორედ აღმოსავლეთით მიდიოდა. პანდემიისწინა პერიოდში პოპულარობამ პიკს მიაღწია — 2017 წელს ჩეხური ავტომწარმოებლის მოდელებზე არჩევანი 325 000-მა, ხოლო 2018 წელს 341 000-მა ჩინელმა შეაჩერა.

შესაბამისად, ფოლკსვაგენის შვილობილმა გადაწყვიტა, რომ ეს მუდმივი ტენდენცია იქნებოდა და ამაყად ივარაუდა, რომ 2020 წლისთვის ამ ბაზარზე გაყიდული ავტომობილების რიცხვი 600 000 იქნებოდა. დიახ, ასე ნამდვილად არ მოხდა... 2019 წელს ჩინეთში 282 000 Skoda გაიყიდა, 2020 წელს კი ამ მოულოდნელობას კოვიდიც წამოეწია და რიცხვი 173 000-მდე შემცირდა. 

ავტომწარმოებლისთვის საუბედუროდ, რიცხვი მას შემდეგ ქვესკნელისკენ შეუჩერებლად გაექანა: 2021 — 71 200 გაყიდული ერთეული, 2022 — 44 600, 2023 — 22 800, 2024 — 17 500, 2025 წელს კი შკოდას მოდელი 15 000-მა ჩინელმაც კი არ იყიდა. 

შესაბამისად, Volkswagen-მა დაადასტურა, რომ აღნიშნული ტენდენციის გამო, ბრენდი ბაზარს საბოლოოდ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ Skoda-მ ახალი სრულად ელექტრო SUV-ი, Elroq-ი გამოუშვა და აქტიურად მუშაობს Epiq-სა და Peaq-ზე — მოდელებზე, რომელთაც ჩინური ელექტრომობილებისათვის კონკურენციის გაწევის პოტენციალი აქვთ. როგორც ჩანს, Volkswagen Group-ს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უღირს. 

Skoda-ში განაცხადეს, რომ ბრენდი ოდნავ სამხრეთით გადაინაცვლებს და ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შეუტევს, სადაც გაყიდვები ჯერ ისევ ძლიერია... 2025 წელს ჩეხებმა ინდოეთში 70 600 მანქანა გაყიდეს — 96.1%-ით მეტი, ვიდრე 2024-ში. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები