ელექტრომობილები, ჰონდა, სონი, აფილა
Aa
Aa

Sony-სა და Honda-ს ერთობლივი პროექტი შეჩერდა | Afeela 1 აღარ გამოვა

რამდენიმე კვირის წინ Honda-მ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: კომპანიამ თავისი ელექტრომობილების ხაზის, 0 Series-ის გამოშვება სრულად გააუქმა, თანაც გაყიდვების დაწყებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. ბრენდი საკმაოდ გულწრფელი აღმოჩნდა და აღიარა, რომ მომავალ ფინანსურ წლებში 2.5 ტრილიონი იაპონური იენის ოდენობის ზარალს ელოდება.

ახლა კი, Honda-ს კიდევ ერთი ელექტრომობილი „გაყინეს“ — ერთობლივმა საწარმომ, Sony Honda Mobility-მ (SHM), ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Afeela 1-ის განვითარების პროექტი შეწყვეტილია.

რა ბედი ეწევათ მყიდველებს?

აღსანიშნავია, რომ Afeela-ს გაყიდვები უკვე დაწყებული იყო — კალიფორნიელ მომხმარებლებს წინასწარი შეკვეთების გაფორმება ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში შეეძლოთ. მათ, ვინც ამ ინოვაციურ სედანს ენდო, თანხა სრულად დაუბრუნდებათ. ამასთანავე, გაუქმდა SUV-ის პროექტიც, რომელიც Afeela-ს უნდა მოჰყოლოდა.

„2022 წლის სექტემბრიდან SHM-ის მიზანი იყო მაღალი ღირებულების მქონე მობილური პროდუქტების შექმნა Sony-სა და Honda-ს ტექნოლოგიების გაერთიანებით. თუმცა, 2026 წლის 12 მარტს Honda-ს მიერ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის გადახედვის გამო, SHM ვეღარ გამოიყენებს იმ ტექნოლოგიებსა და აქტივებს, რომლებიც თავიდან იყო გათვალისწინებული. შექმნილ ვითარებაში, პროექტის გაგრძელება და მოდელების ბაზარზე გატანა თავდაპირველი გეგმით შეუძლებელია“, — ვკითხულობთ SHM-ის განცხადებაში. 

არსებობს თუ არა იმედი?

როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება — მიუხედავად ამ მძიმე დარტყმისა, Sony Honda Mobility-ში ამბობენ, რომ „გააგრძელებენ კონსულტაციებს“ მომავალ ბიზნეს-გეგმებზე. ასე რომ, იმედი იმისა, რომ ოდესმე გზებზე „ბორბლებიან PlayStation-ს“ ვიხილავთ, ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც აღინიშნა, პროექტი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები