შესაძლოა, კანონდამრღვევ მძღოლებს ილინოისში სიჩქარის შემზღუდველის დამონტაჟება მოუწიოთ
ვირჯინიის შტატის შემდეგ, სადაც უკვე მიიღეს კანონი 160 კმ/სთ-ზე (100 მილი/სთ) მეტი სიჩქარით მოძრავი მძღოლებისთვის სპეციალური შეზღუდვების დაწესების შესახებ, ანალოგიური ინიციატივით ახლა ილინოისი გამოდის. თუ წარდგენილი კანონპროექტი (House Bill 4948) დამტკიცდება, აგრესიულ მართვაში მხილებულ მძღოლებს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, საკუთარ ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის დამონტაჟება მოუწევთ.
რა არის ISA პროგრამა?
ინიციატივა ითვალისწინებს „სიჩქარის ინტელექტუალური ასისტენტის“ (ISA) პროგრამის შექმნას. ის განკუთვნილია მათთვის, ვინც სისტემატურად არღვევს წესებს ან გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდება.
ნაცვლად იმისა, რომ მძღოლს მართვის უფლება უბრალოდ შეუჩერდეს, სასამართლოს შეეძლება, დაავალდებულოს იგი, დააყენოს სერტიფიცირებული შემზღუდავი ყველა ავტომობილზე, რომელსაც ის ფლობს. პროგრამაში ჩართვის შემდეგ, მას კანონით აეკრძალება ისეთი მანქანის მართვა, რომელშიც ეს სისტემა არ არის დამონტაჟებული.
ტექნოლოგია ძალიან ჰგავს ალკოტესტერულ საკეტებს (interlock systems). ის იყენებს GPS მონაცემებსა და რუკებს, ისევე როგორც საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემას. ამ მონაცემების საფუძველზე, მოწყობილობა ადგენს კონკრეტულ მონაკვეთზე დაშვებულ მაქსიმალურ სიჩქარეს და ავტომატურად ზღუდავს ავტომობილის აჩქარებას ამ ნიშნულს ზემოთ.
პროგრამის პირობები და ვადები
მძღოლები, რომლებიც 12 თვის განმავლობაში ორჯერ დაარღვევენ სიჩქარის ლიმიტს, ან დაჯარიმდებიან სახიფათო მართვის გამო, პროგრამაში ავტომატურად მოხვდებიან. შეზღუდული სიჩქარით გადაადგილება მათ მინიმუმ 1-დან 3 წლამდე (დარღვევების ისტორიიდან გამომდინარე) მოუწევთ.
მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია ფატალური ავარიების რიცხვს მკვეთრად შეამცირებს. კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ ეს არის მთავრობის მიერ ავტომობილებზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობაა, რაც მომავალში, შესაძლოა, კანონმორჩილ მძღოლებსაც შეეხოს.
კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში 2028 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.
მსგავსი რამე საქართველოში რომ განიხილებოდეს, დაუჭერდით მხარს?