Acura 40 წლისაა | ავტომწარმოებელმა საიუბილეო მოდელი 1986 წლის ძრავით გამოუშვა
Acura 40 წლის გახდა. ბრენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად 1986 წლის 27 მარტს Legend-ითა და Integra-თი წარსდგა. ამ თარიღის პატივსაცემად, ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, საიუბილეო მოდელად Integra შეერჩია და ის თავისი პირველი სარბოლო მანქანისთვის მიეძღვნა.

Acura Integra 40 Racer პირველი თაობის Integra-ზეა დაფუძნებული და მასზე Honda Racing Corporation US-მა იმუშავა. კაპოტის ქვეშ კომპანიამ კვლავ ქარხნული, 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი D16A1 ძრავა შეინარჩუნა, თუმცა სხვა მხრივ, განახლებების მთელი სია შემოგვთავაზა. ძრავა, რომელიც პირველი თაობის Integra-ში 113 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული.


საიუბილეო მოდელში შემოთავაზებულ განახლებებს შორისაა: Monsoon-ის ძრავის მართვის ბლოკი, უგამანაწილებლო კონვერსიის სისტემა, უჟანგავი გრძელმილიანი კოლექტორი, Borla-ს მიერ სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი გამონაბოლქვი სისტემა და სხვა. მოდელი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებითა და უჟანგავი ფოლადის სამუხრუჭე მილებით. მუხრუჭები Mugen-ის 14-ინჩიანი ბორბლების უკან იმალება, რომლებიც Yokohama ADVAN A050-ის ნახევრად სლიკ საბურავებშია გახვეული.

ინტერიერში, სარბოლო მოდელის შესაბამისად, გვხვდება დამცავი კარკასი, OMP-ის სარბოლო სავარძლები და 6-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები. ექსტერიერი კი სრულად Rio Red Metallic-ის საღებავითაა შეღებილი. Acura Integra 40 Racer-ის დებიუტი 17-19 აპრილს დაგეგმილ Acura Grand Prix-ზე შედგება.