სუპერქარები, სერვისი, მექანიკოსი, ფორდი, ლამბორგინი, ლამბორგინი ავენტადორი, ფორდ ფოკუსი, ლამბორჯინი
Aa
Aa

მექანიკოსმა Lamborghini Aventador-ის ავზის თავსახური Ford Focus-ის 40$-იანი დეტალით ჩაანაცვლა

მართალია, Lamborghini-ს ფლობა (ალბათ) შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა სოლიდურ ხარჯებთანაც ასოცირდება. ეს ბრენდი ბევრ კარს გაგიღებთ, თუმცა თქვენს საფულესაც იმაზე ფართოდ გახსნის, ვიდრე მოელით. სათადარიგო ნაწილების ფასებმა შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ მაღალი ფასი განსხვავებულ ინჟინერიას ყოველთვის როდი ნიშნავს. ამის საუკეთესო მაგალითი Aventador-ის ბენზინის ავზის თავსახურია.

ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა

 

დიაგნოზი და „შოკისმომგვრელი“ ფასი

Reddit-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი საინტერესო შემთხვევას აზიარებს: ამერიკულ ავტოსერვისში 2015 წლის თეთრი Aventador-ი მიიყვანეს. დადგინდა, რომ ავტომობილს აორთქლების სისტემის (EVAP) გაუმართაობის გამო ბენზინის ავზის თავსახურის შეცვლა სჭირდებოდა.

პრობლემა მარტივი იყო, გამოსავალი კი ძვირი აღმოჩნდა. ოფიციალური არხებით ახალი თავსახურის შეკვეთა მფლობელს 1200 დოლარზე მეტი დაუჯდებოდა. ორიგინალი ნაწილის საბაზრო ფასი $1 036-ია, რასაც გადასახადები და ტრანსპორტირების ხარჯები ემატება. მეორადი ნაწილის ფასიც კი eBay-ზე $475-დან იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი Aventador-ის მფლობელი ამ თანხას უპრობლემოდ გადაიხდიდა, მექანიკოსი უფრო დაკვირვებული აღმოჩნდა. მან თავსახურის შიდა მხარეს დაინახა წარწერა FoMoCo, რაც Ford Motor Company-ს ნიშნავს.

აღმოჩნდა, რომ მეორე თაობის (Mk2) Focus-ის ევროპული ვერსიის თავსახური, რომელიც სულ რაღაც 40 დოლარი ღირს, შიდა პლასტმასის მექანიზმით Aventador-ის ანალოგიური დეტალის იდენტურია.

„ბრენდის გადასახადი“

აღმოჩნდა, რომ განსხვავება მხოლოდ პრეზენტაციაშია. Lamborghini-ს ვერსია გარედან ალუმინის დახვეწილ კორპუსშია ჩასმული, რაც მას პრემიუმ იერს სძენს და ფასის ასტრონომიულ ზრდას ამით „ამართლებს“. ფუნქციურად კი, მათ შორის სხვაობა ნულია.

მექანიკოსმა მარტივი გამოსავალი იპოვა: მან Ford-ის თავსახურიდან შიდა მექანიზმი ამოიღო და Lamborghini-ს ორიგინალ ალუმინის კორპუსში ჩასვა. შედეგად, მფლობელმა შეინარჩუნა ძვირადღირებული ვიზუალი, პრობლემა კი სულ რაღაც 100 დოლარად მოგვარდა. ეს თორმეტჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც მფლობელს ოფიციალურ სერვისში გამოართმევდნენ.

მართალია, უმეტესობას Lamborghini-ს თავსახურის შეცვლა არასდროს დაგვჭირდება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი გაკვეთილია სხვა პრემიუმ ბრენდების მფლობელებისთვისაც. მაგალითად, თუ თქვენს Porsche-ს რომელიმე დეტალი სჭირდება, აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ გამოიყენება იგივე ნაწილი უფრო ხელმისაწვდომ VW-ის ან Audi-ს მოდელებში...

მსგავსი სიახლეები