BYD-ს აღმოსავლეთით გაფართოება გაუჭირდება | იაპონია ჩინელებს სუბსიდიებს უმცირებს
იაპონიაში ელექტრომობილების სეგმენტს ახალი მანქანების გაყიდვების მხოლოდ 2%-ზე ნაკლები უჭირავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩინური გიგანტისთვის, BYD-ისთვის, რომ გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ელექტრონული Kei ავტომობილით შესულიყო, თუმცა, ჩინური ბრენდის წინ ახალი წინაღობა აღიმართა...
ცნობილი გახდა, რომ იაპონიის მთავრობამ BYD-ის მოდელებისთვის განკუთვნილი სუბსიდიები ნახევარზე მეტით შეამცირა. ახალი წესებით, შეღავათი მხოლოდ 150 000 იენს (დაახლოებით 936$) შეადგენს, მაშინ როცა მანამდე ეს ციფრი 350 000-დან 400 000 იენამდე ($2,000 - $2,500) მერყეობდა.
პროტექციონიზმი თუ სამართლიანი თამაში?
მიზეზი მარტივია — იაპონია ცვლის სუბსიდირების სქემას და პრიორიტეტს იმ ავტომობილებს ანიჭებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების ბატარეებს იყენებენ. BYD-ის მანქანები კი, რა თქმა უნდა, ჩინური ბატარეებით არის აღჭურვილი. ექსპერტთა აზრით, ეს ნაბიჯი იაპონური ავტოინდუსტრიის დაცვას ემსახურება მზარდი ჩინური ბრენდისგან, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს მეექვსე უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა.
სუბსიდიების ახალი პროგრამის ფარგლებში, იაპონური ბრენდები დიდ უპირატესობას იღებენ — Toyota bZ4X კვლავ ინარჩუნებს მაქსიმალურ, 1.3 მილიონ იენიან (8 100$) სუბსიდიას, Nissan Ariya-სთვის კი ეს თანხა 1 მილიონი იენი იქნება.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო დახმარება მხოლოდ იაპონურ ბრენდებზე არ ვრცელდება. Tesla-ს სუბსიდია 1.27 მილიონ იენამდე (7 900$) გაიზარდა, რადგან ის იაპონური Panasonic-ის ბატარეებს იყენებს. შეღავათები გაეზარდათ Audi-სა და Hyundai-ს გარკვეულ მოდელებსაც, თუმცა მათი სუბსიდიების ნაწილი მომავალი წლიდან შესაძლოა ისევ შეიკვეცოს.
BYD-ის იაპონიის ფილიალის ხელმძღვანელმა, აცუკი ტოფუკუჯიმ, უკმაყოფილება უკვე გამოთქვა:
„ჩვენ აშკარად არახელსაყრელ მდგომარეობაში ვართ. სხვაობა ჩვენსა და ისეთ კომპანიებს შორის, როგორიცაა Toyota, თითქმის 1 მილიონ იენს აღწევს. 150,000-იანი სუბსიდიით კონკურენციის გაწევა შეუძლებელია“, — განაცხადა ტოფუკუჯიმ.
მიუხედავად ამისა, BYD-ი დანებებას არ აპირებს და 2027 წლისთვის იაპონელი მომხმარებლისთვის 7-8 ახალი მოდელის შეთავაზებას გეგმავს.
როგორ ფიქრობთ, შეაჩერებს სუბსიდიების შემცირება ჩინური ელექტრომობილების ექსპანსიას იაპონიაში?