ფორდი, ავსტრალია, ჯიმ ფარლი, ფორდ რეინჯერი
Aa
Aa

Ford-ი ჩინელებს შეერკინება | პირველი ბრძოლა ავსტრალიაში გაიმართება

სირაქლემას პოზიციაში ჩადგომისა და ჩინური ბრენდებისგან მომავალი საფრთხის უგულებელყოფის ნაცვლად, Ford-მა მათთან პირისპირ შეტაკება გადაწყვიტა. პირველი ბრძოლის ველი, რომელზეც ეს სტრატეგია გამოიცდება, ავსტრალიაშია — რეგიონში, რომელიც კომპანიისთვის ერთგვარი სატესტო პოლიგონია სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე შესასვლელად.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ამ თვის დასაწყისში Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, „ხელების დასვრა“ პირადად გადაწყვიტა. ის ავსტრალიას ეწვია, რათა საკუთარ თავზე გამოეცადა Ford-ის ავტომობილის ფლობის გამოცდილება და უშუალოდ მძღოლებისგან მოესმინა, რას ელიან ისინი ამერიკული ავტომწარმოებლისგან. ფარლის ვიზიტი მელბურნში ფორმულა 1-ის გრან-პრის დაემთხვა, სადაც Ford-მა Oracle Red Bull Racing-თან პარტნიორობით სადებიუტო რბოლა გამართა.

Ford-ის ერთ-ერთი მთავარი მოდელი, Ranger-ი ავსტრალიაში გაყიდვების ლიდერია, რაც გასაკვირი არცაა — მანქანა დიდწილად სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა და განვითარდა. ფარლიმ ქვინზლენდის შტატში 500 კილომეტრი თავად გაიარა, რათა Ranger-ის პოპულარობის საიდუმლოს თავად ჩასწვდომოდა. მასთან ერთად იყვნენ კომპანიის ოპერაციული დირექტორი კუმარ გალჰოტრა და ვიცე-პრეზიდენტი სემ ბასილიც.

ფარლი და მისი გუნდი პიკაპის რიგით მფლობელებთან ერთად კემპინგზეც კი წავიდნენ და ღამე კარვებში გაათიეს, რათა გაეგოთ, რა სჭირდებათ მომავალ თაობებში ბრენდის რეალურ მომხმარებლებს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Ranger Super Duty-ს წარდგენა იყო. ეს მოდელი მათთვისაა, ვისაც ექსტრემალური დავალებების შესრულება უწევს: მას სტანდარტულ ვერსიაზე განიერი ბაზა აქვს და 4 500კგ ტვირთის ბუქსირება შეუძლია — ეს სტანდარტული მოდელის შესაძლებლობებზე 1000კგ-ით მეტია.

თუმცა, Ford მხოლოდ მუშა მანქანებზე არ ფიქრობს — ფარლიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მიანიშნა, რომ კომპანია სპორტული, „საგზაო“ პიკაპების დაბრუნებასაც განიხილავს. მოგზაურობის დასრულების შემდეგ ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ მან უკვე მიიღო „მრავალმილიარდიანი გადაწყვეტილება“ კომპანიის საწარმოო ხაზთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ ავსტრალიას, არამედ ბრენდის გლობალურ მომავალს შეეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები