ალფა რომეო, ტუნინგი, ალფა რომეო ჯულია კვადრიფოლიო, ალფა რომეო სტელვიო კვადრიფოლიო, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

Alfa Romeo-მ დუბაისთვის 5-5 განსაკუთრებული Giulia და Stelvio შექმნა

მართალია, Alfa Romeo-მ დაარსებიდან 115-ე წელი გასული წლის 22 ივნისს აღნიშნა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ზეიმი 2026 წელსაც გრძელდება. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ბრენდის ოფიციალურმა დილერმა, Gargash Motors-მა, შეზღუდული სერია Bespoke Edizione წარადგინა, რომელიც Quadrifoglio-ს ბაზაზეა შექმნილი.

პროექტი ბრენდის ინდივიდუალური შეკვეთების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ტირაჟი უკიდურესად შეზღუდულია: სულ 5 სედანი და 5 ქროსოვერი დამზადდება. 


სპეციალური გამოშვების Giulia QV შავ ფერშია შესრულებული — მოდელის კაპოტს Alfa Romeo-ს ემბლემის გრაფიკა ამშვენებს, ექსტერიერის მთავარი აქცენტი კი ოქროსფერი დეტალებია — ოქროსფერია მსუბუქი შენადნობის დისკები და მუხრუჭის სუპორტები, სპლიტერი, გვერდითა „ქვედაბოლოები“ და ლოგოებიც.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ შავი და ნარინჯისფერი ტყავის კომბინაციას ვხვდებით, თავსადებებზე კი ამოტვიფრულია წარწერა „ერთი ხუთიდან“, რაც მოდელის განსაკუთრებულ სტატუსსა და რაოდენობაზე მიანიშნებს.


ქროსოვერი Stelvio QV მუქ ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. მასაც აქვს კაპოტის ინდივიდუალური გრაფიკა და ოქროსფერი დისკები, აი სალონში კი აქ უფრო მეტი თავშეკავება იგრძნობა — გამოყენებულია შავი და ყავისფერი ტყავი, საიუბილეო ლოგოებით იდაყვის დასასვენებელსა და კარის პანელებზე.

ტექნიკური თვალსაზრისით, ორივე მოდელი უცვლელი დარჩა. კაპოტის ქვეშ კვლავ 2.9-ლიტრიანი, ორტურბინიანი V6 ძრავა იმალება, რომელიც 513 ცხენის ძალასა და 600 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. Giulia უკანა ამძრავია, Stelvio კი სრულამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი.

ათივე ეგზემპლარის ფასი 499 900 დირჰამია (დაახლოებით, 136 100$) — ეს სტანდარტული Quadrifoglio-ს ფასს საგრძნობლად აღემატება. 

ამრიგად, Alfa Romeo-ს Bespoke პროგრამა ახლა უკვე მთელ საწარმოო ხაზზე ვრცელდება. რადგან შემდეგი თაობის Stelvio-სა და Giulia-ს 2028 წლამდე არ უნდა ველოდოთ, ბრენდი აქცენტს სწორედ არსებული მოდელების ექსკლუზიურ ვერსიებზე გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები