სუპერქარი, იშვიათი ავტომობილები, ბუგატი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, მდიდრული მანქანები, ბუგატი იბი110, ჯორჯეტო ჯუჯარო
Aa
Aa

აუქციონზე გაიყიდება Bugatti, რომლის სულ 3 ეგზემპლარი არსებობს

Bugatti-ს ისტორია არაერთ დრამატულ ეპიზოდს მოიცავს, თუმცა EB 112-ის საგა ერთ-ერთი ყველაზე მისტიკურია. ეს ავტომობილია, რომელიც ბრენდის იტალიური აღორძინების ხანაში, სუპერქარ EB 110-ის პარალელურად დაიბადა, თუმცა სერიულ წარმოებამდე მისვლა ვერ მოასწრო. დღეს კი, მსოფლიოში არსებული სამი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი გასაყიდად გამოდის.

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

EB 112-ის იდეა რომაო არტიოლის ეკუთვნოდა, რომელმაც 1987 წელს Bugatti-ს სახელი შეიძინა. მას მსოფლიოში საუკეთესო სუპერქართან ერთად, ზემდიდრული სედანის შექმნაც სურდა. დიზაინი ლეგენდარულ ჯორჯეტო ჯუჯაროს მიანდეს, რომელმაც შთაგონება ბრენდის 1930-იანი წლების მოდელებიდან აიღო. თუმცა, 1993 წელს ავტომობილის პრეზენტაციიდან მალევე, კომპანია გაკოტრდა.

დაუმთავრებელი ავტომობილი ბიზნესმენმა ჯილდო პალანკა პასტორმა შეიძინა. მისმა ფირმამ, Monaco Racing Team-მა, სამივე დაუმთავრებელი ეგზემპლარი სრულფასოვან, მუშა მდგომარეობაში მყოფ ავტომობილად აქცია.


EB 112 აგებულია EB 110-ის ნახშირბადის ბოჭკოს შასიზე, თუმცა სუპერქარისგან განსხვავებით, მასში 6-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავაა ჩადგმული, რომელიც 456 ცხენის ძალასა და 590 ნმ მაბრუნ მომენტს გვთავაზობს. სიმძლავრე ბორბლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. ცხადია, მანქანა ძალიან სწრაფია — ის 100 კმ/სთ-მდე 4.3 წამში ჩქარდება და 300 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. 

უნიკალური ეგზემპლარი

კონკრეტული მოდელი, რომელიც 25 აპრილს RM Sotheby’s-ის მონაკოს აუქციონზე გამოვა, თავად პასტორს ეკუთვნოდა 2015 წლამდე და მას შექმნის დღიდან მხოლოდ 388 კილომეტრი აქვს გავლილი. ავტომობილთან ერთად, მსურველი სპეციალურად მისთვის დამზადებული ჩანთების ნაკრებსა და ქოლგასაც შეიძენს, რომლის სახელურიც რემბრანდტ ბუგატის ცნობილი სპილოს სკულპტურის სტილშია შესრულებული.

ინტერიერი მაღალი ხარისხის შავი ტყავითა და ლითონის დეტალებითაა გაფორმებული, მეორე რიგში კი მცირე ზომის ტელევიზორიც კია დამონტაჟებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ EB 112-ის ფასი 1.75-დან 2.3 მილიონ დოლარამდე იქნება.

მსგავსი სიახლეები