მექანიკური გადაცემათა კოლოფი, უგზოობა, ყველგანმავალი, ნისანი, ვი 6, ნისან იქსტერა
Aa
Aa

Xterra-ს მძღოლებს მომავალ თაობაში V6 და მექანიკა უნდათ — Nissan ამას სანახევროდ შეასრულებს

ყველგანმავალი ავტომობილების მოყვარულებისთვის დღესასწაული ახლოვდება — Nissan Xterra ბრუნდება და თანაც ისეთი სახით, როგორსაც ფანები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. ნიუ-იორკის ავტოშოუზე Nissan-ის პროდუქტების დაგეგმარების ხელმძღვანელმა, პონზ პანდიკუთირამ, დაადასტურა, რომ 2028 წლისთვის დაგეგმილი ახალი Xterra თავისი „დაკუნთული“ დნმ-ის ერთგული დარჩება.

ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ Nissan არ აპირებს Xterra-ში მცირე მოცულობის მქონე, ტურბინიანი ოთხცილინდრიანი ძრავების გამოყენებას. ამის ნაცვლად, ავტომობილი 3.8-ლიტრიანი ატმოსფერული V6-ით აღიჭურვება, რომელსაც ამჟამად Frontier-ში ვხვდებით.

„ჩვენ გვექნება სუფთა შიგაწვის ძრავა და სწორედ მის ბაზაზე შევქმნით ჰიბრიდულ ვერსიასაც,“ — აღნიშნა პანდიკუთირამ. ეს ნიშნავს, რომ კომპანია პრიორიტეტს სიმარტივესა და გამძლეობას ანიჭებს, რაც უგზოობის მოყვარულთათვის გადამწყვეტი ფაქტორია.

იაპონური ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მან უკვე ნახა ავტომობილის სრულმასშტაბიანი მაკეტი იაპონიაში და მისი ვიზუალი შთამბეჭდავია — „ის პირდაპირი მნიშვნელობით სუნთქვას გიკრავს. ძალიან მძლავრი, აგრესიული და თავდაჯერებული დიზაინი აქვს“.

ახალი Xterra ორიენტირებული იქნება ისეთ კონკურენტებთან შესაჯიბრებლად, როგორებიცა Toyota 4Runner-ი და Ford Bronco არიან. მოსალოდნელია, რომ დიზაინში შენარჩუნდება ტრადიციული Xterra-სთვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც მას ბაზარზე გამორჩეულს გახდის.

თუმცა, არის ერთი სიახლე, რომელიც „ძველი სკოლის“ მძღოლებს, ალბათ, არ მოეწონებათ — მოდელს მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ ექნება... კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკულობით ხსნიან. ბრენდის განცხადებით, თანამედროვე მყიდველისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაკიდების სისტემის მუშაობა, საჭის მართვის შეგრძნება და ძრავის კალიბრაცია, ვიდრე სიჩქარეების ხელით გადართვა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ცენტრალურ კონსოლში დიდ ადგილს იკავებს.

ერთი სიტყვით, Nissan-ი იმედს იძლევა, რომ 2028 წელს ნამდვილ უგზოობის მონსტრს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები