იხილეთ 1983 წლის Chevrolet-ი V8 ძრავით, რომელიც შეშაზე მუშაობს
თუ ელექტრომობილს არ მართავთ, მაშინ ალბათ თქვენც, ჩვენსავით, ყოველდღე საწვავის ფასების შემცირებაზე ოცნებობთ. მაგრამ სანამ რიგითი მოკვდავები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს ვუმზერთ, ერთმა კაცმა გამოსავალს საკუთარ ეზოში, შეშის გროვაში მიაგნო. გაიცანით Chevrolet-ის 1983 წლის პიკაპი, რომელიც ფუნქციონირებისთვის ბენზინის წვეთსაც კი არ საჭიროებს.
YouTube არხმა JP Prat Projects-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იუთუბერი შეშაზე მომუშავე ავტომობილს გვაჩვენებს. ეს კლასიკური ამერიკული პიკაპია 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც 100 000 კილომეტრზე მეტი ისე აქვს გავლილი, რომ ბენზინგასამართ სადგურზე საერთოდ არ გაჩერებულა.
ავტომობილი თხევად საწვავს საერთოდ არ იყენებს. პრინციპი ასეთია — შეშის წვისას გამოიყოფა ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოოქსიდი), რომელიც წყალბადთან შერევისას წარმოქმნის აირს, რაც ძველი V8 ძრავის ასამუშავებლად, როგორც ჩანს, საკმარისია.
კაბინის უკან სპეციალური „გაზიფიკატორია“ დამონტაჟებული. მისი აალებისთვის 5-დან 10 წუთამდეა საჭირო, რის შემდეგაც ძრავი ჩვეულებრივად იქოქება და მუშაობს. სისტემას საკმაოდ ინდუსტრიული იერი აქვს — ფილტრები, მილები და უზარმაზარი გამაგრილებელი წინა ბამპერზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მანქანის დაქოქვა მთელი რიტუალია — მექანიზმის ქვედა ნაწილში უნდა მოათავსოთ დაჭმუჭნილი გაზეთი, შემდეგ ჩართოთ ელექტრო ვენტილატორი, რომელიც ალს ზემოთ ქაჩავს და ნახშირსა და შეშას ცეცხლს უკიდებს. როგორც კი ძრავი დაიქოქება, ის უკვე თავად იწოვს წარმოქმნილ გაზს.
100 კილომეტრზე ავტომობილი დაახლოებით 35-40 კილოგრამ შეშას მოიხმარს. რაც შეეხება მოდიფიკაციებს, ძრავში გამანაწილებელი ლილვი შეცვლილია და 1986 წლის Corvette-ის შემშვები კოლექტორია დაყენებული. სიმძლავრე ბორბლებს TH700 ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ შეშა განახლებადი რესურსია, ამ მეთოდს ეკოლოგიურს მაინც ვერ ვუწოდებთ. გამონაბოლქვში მყარი ნაწილაკების რაოდენობა ბევრად აღემატება ბენზინის ძრავის მაჩვენებლებს. თუმცა მაშინ, როცა საწვავის ფასი ყოველდღიურად იმატებს, ეკოლოგიაზე ფიქრი, ალბათ, პრიორიტეტი ნაკლებად არის...