მერსედესი, მერსედეს ბენცი, პორშე, შეზღუდული გამოშვების მოდელი, მერსედეს ვი124, მერსედეს ვი124 ე500
Aa
Aa

Mercedes-მა თავისი საუკეთესო სედანი Porsche-სთან ერთად ააწყო | ახლა მისი ნახვა თქვენც შეგიძლიათ

თანამედროვე ავტომობილებისა და ელექტრომობილების სამყაროში ავტომწარმოებლები ახლა უკვე ერთმანეთს ტექნოლოგიურად დატვირთული, დიდეკრანიანი მოდელების წარმოებაში ეჯიბრებიან. თუმცა ნამდვილ ავტომოყვარულებს სურთ ის, რისი ნახვაც ახლა მსურველებს გერმანიაში, შტუტგარტში მდებარე Mercedes-Benz-ის მუზეუმში შეუძლიათ.

თქვენ წინაშე W124 E 500-ია — ძველი სკოლის მოდელი, რომელსაც ბევრი წარდგენა არც სჭირდება. W124-ის ყველაზე პოპულარული ვერსია, რომელიც BMW M5-ის კონკურენტად იყო ჩაფიქრებული, 1990 წელს 500 E-ს სახელით გამოვიდა, ხოლო 1993 წლის განახლების შემდეგ სახელი E 500-ით შეიცვალა. ეს მოდელი Porsche-სთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. ეს უკანასკნელი ძარისა და დაკიდების სისტემასთან ერთად, ავტომობილის საბოლოო აწყობაზეც იყო პასუხისმგებელი.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

გამოდის, რომ რეალურად ამ პროექტში Porsche-ს როლი საინჟინრო მოვალეობებს ბევრად სცილდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 56 მმ-ით უფრო განიერი და 23 მმ-ით დაბალი ძარისთვის ზინდელფინგენის საწარმოო ხაზის გადაკეთება Mercedes-ისთვის ფინანსურად წაგებიანი იყო, პროექტი ცუფენჰაუზენს გადაეცა. შედეგად, ძარები სწორედ იქ ეწყობოდა, წარმოების პროცესში კი ავტომობილი მუდმივად Mercedes-ისა და Porsche-ს ქარხნებს შორის გადაჰქონდათ.

1995 წლის აპრილისთვის წარმოება 10,479 ერთეულით დასრულდა. თითოეული მოდელი 4-ადგილიანი იყო არა არჩევანის, არამედ აუცილებლობის გამო, რადგან დიდი ზომის დიფერენციალის გამო უკანა ნაწილში შუა სავარძლისთვის ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა.

ეს კონკრეტული მოდელი კი, რომელიც ცუფენჰაუზენის ქარხნიდან გასული ბოლო მოდელია, ექსკლუზიური Limited მოდიფიკაციით აეწყო და 500 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. წლების განმავლობაში სამუზეუმო ექსპონატად ყოფნის შედეგად, W124 დღემდე იდეალურ მდგომარეობას ინარჩუნებს და მხოლოდ 422 კილომეტრი აქვს დაფარული.

ამჟამად უკვე შტუტგარტში დაბინავებული W124-ის ექსტერიერი განიერი თვლებით, გამოკვეთილი ფრთებით, დაბალი დაკიდების სისტემითა და სპეციფიკური დისკებით ხასიათდება. ბოლო ეგზემპლარისთვის Sapphire Black ფერი აირჩა და იგი 17-ინჩიანი შენადნობის დისკების ნაკრებით აღიჭურვა, რომლებიც ლეგენდარული 190 E 2.5-16 Evolution II-ისგან მიიღო.

კაპოტის ქვეშ მოდელი 5-ლიტრიან ატმოსფერულ V8 ძრავას მალავს — იმას, რომელიც 500 SL-ში გვხვდება. აგრეგატი 315 ცხენის ძალასა და 470 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, რომელიც ოთხსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებს გადაეცემა. შედეგად, მოდელი 100 კმ/სთ-მდე 6.1 წამში ჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 250 კმ/სთ-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები