საწვავი, ქურდობა, უცნაური
Aa
Aa

საწვავის ქურდობის ახალი მეთოდი | $25-ის ბენზინის მოპარვა მძღოლს ათასობით დოლარი დაუჯდა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, საწვავის ფასები მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ფასების ზრდასთან ერთად კი, როგორც ჩანს, მიმდინარე ვითარება საწვავის ქურდობის შემთხვევების მატებასაც იწვევს. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, პირდაპირ ავზებიდან საწვავის ამოტუმბვა გართულდა, რის გამოც ქურდები ავტომობილებისთვის ბევრად უფრო საზიანო მეთოდებზე გადავიდნენ. სწორედ ამის გამო, სულ რაღაც 25 დოლარის ღირებულების ბენზინის მოპარვაც კი ავტომობილების მფლობელებს ათასობით დოლარის ზიანს აყენებს.

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სერვისცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მათთან კვირაში ერთხელ მაინც მიჰყავთ დაზიანებული ავტომობილი — გახვრეტილი ავზით. ქურდები საწვავის ამოტუმბვაზე აღარ წვალობენ, ისინი უბრალოდ ხვრეტენ მას ავტომობილის ძირიდან და ბენზინს პირდაპირ კონტეინერში ასხამენ. ბევრი ხუმრობს კიდეც, რომ ეს ტენდენცია ახალ მნიშვნელობას სძენს ცნობილ ფრაზას — „Drill, baby, drill“.

საწვავის ქურდობის ტენდენციის ერთ-ერთი მსხვერპლი კი 31 წლის არიზონელი მძღოლი ტასი მალალაა. როგორც თავად იხსენებს, დილას, ავტომობილთან მისვლისას შეამჩნია, რომ საწვავი მანქანის ძირიდან იღვრებოდა. „მანქანის ქვეშ შევიხედე და დავინახე, თუ როგორ მოედინებოდა ბენზინი, საშინლად ავნერვიულდი“, — იხსენებს იგი.

აღმოჩნდა, რომ ქურდს ავზში იდეალური ხვრელი ჰქონდა დატოვებული, რომლის საშუალებითაც მან თითქმის 25 აშშ დოლარის ღირებულების ბენზინი მოიპარა. თუმცა მძღოლისთვის ზარალი ბევრად მაღალი იყო. მალალას თქმით, ავტომობილი ერთი კვირა სერვისცენტრში ჰყავდა და მისი შეკეთება თითქმის $3 000 დაუჯდა.

1970-იან წლებში საწვავის მოპარვა საკმაოდ მარტივი პროცესი იყო: ქურდები ავზის ყელში შლანგს უშვებდნენ და ბენზინს ქაჩავდნენ. ეს ხერხი, განსაკუთრებით კი საწვავის კრიზისის პერიოდში, შემაშფოთებლად გავრცელებული იყო. თუმცა თანამედროვე ავტომობილებში მწარმოებლებმა ეს შესაძლებლობა ქურდებს მოუსპეს და, გამოდის, რომ მათაც ახალი გზების ძებნა დაიწყეს.

დღევანდელ ავტომობილებში ვიწრო და მოხრილ ავზის ყელს დგამენ, სპეციალური შიდა სარქველებითა და დამცავი ბარიერებით, რაც მილის ჩადგმას თითქმის შეუძლებელს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მიგნებებმა საწვავის ტრადიციული ქურდობა თითქმის შეუძლებელი გახადა, ფაქტია, მათ ისეთი ქმედებებისკენ უბიძგა, რომლებიც ავტომობილებისთვის უფრო დამანგრეველია.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელმაც ავტომობილიდან 25 დოლარის ღირებულების ბენზინი მოიპარა, თუმცა მას 2 000 დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. მართალია, ძირითადად, მსგავს დაზიანებებს სადაზღვევო ფარავს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მფლობელებს შეკეთების ხარჯების დაფარვა თავადვე უწევთ. ამის მიუხედავადაც, ფაქტი ერთია: მსგავსი პრაქტიკა შემაშფოთებელია და მძღოლებსა და კომპანიებს უფრო მკაცრ ზომებზე ფიქრისკენ უბიძგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები