პორშე, რიმაც გრუპი, მატე რიმაცი, ბუგატი რიმაცი
Aa
Aa

Porsche-მ Bugatti Rimac-ში წილი სრულად გაყიდვა | ვინ არიან რიმაცის ახალი პარტნიორები?

Porsche AG-მა Bugatti Rimac-ში თავისი წილის გაყიდვისა და ერთობლივი საწარმოს სრულად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გარიგების პირობებით, Porsche AG თავის 45%-იან წილს კონსორციუმზე გაასხვისებს, რომელსაც ნიუ-იორკში დაფუძნებული ვენჩურული ფირმა HOF Capital-ი ხელმძღვანელობს, ხოლო უმსხვილესი ინვესტორი BlueFive Capital-ია. შედეგად, პარტნიორობა, რომელიც 2021 წელს ხორვატიულ Rimac Group-თან ერთად დაიწყო, სუპერქარების ბრენდიდან Porsche AG-ის სრულად გამოსვლით სრულდება. ცნობისთვის, მაშინ წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: Rimac Group-ი — 55%, ხოლო Porsche — 45%.

Porsche AG-ის გადაწყვეტილება ავტოინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ხდება და, შესაძლოა, სწორედ არსებულ რთულ ვითარებას უკავშირდება. გაზრდილი ხარჯები, შენელებული ზრდა, ტარიფები და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ავტომწარმოებლების მოგებაზე აისახება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ბაზარი კვლავ აქტიურია. Bain & Company-ის მონაცემებით, გასული წლის მესამე კვარტლისთვის ინდუსტრიაში გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ $35 მილიარდს გადააჭარბა, რაც სექტორში ინტერესის აღდგენაზე მიანიშნებს.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

 

გარიგების პირობებით, Porsche არა მხოლოდ ერთობლივ საწარმოს, არამედ Rimac Group-საც დატოვებს და ჯგუფში მის კუთვნილებაში არსებულ 20.6%-იან წილსაც სრულად გაყიდის. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ, Bugatti Rimac-ზე სრულ ოპერაციულ კონტროლს Rimac Group-ი მიიღებს და ბრენდის მომავალ განვითარებაზე უკვე BlueFive-თან და HOF Capital-თან ითანამშრომლებს. უნდა აღინიშნოს, რომ HOF Capital-ის თანადამფუძნებელი ეგვიპტელი მილიარდერების, სავირისების ოჯახის წარმომადგენელია, ხოლო BlueFive-ს Investcorp-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაზემ ბენ-გასემი მართავს.

გარიგებამ გავლენა საფონდო ბირჟებზეც იქონია. კერძოდ, ფრანკფურტში დალისტული Porsche-ს აქციების ღირებულება პარასკევს, სავაჭრო სესიის დაწყებისთანავე, 1.6%-ით დაეცა. მხარეებს შორის გარიგება ოფიციალურად დადასტურებულია, თუმცა კომპანიებს ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი, მათ შორის Porsche AG-ის მიერ გაყიდული აქციების ზუსტი ღირებულება, არ გაუსაჯაროებიათ.

„როგორც Rimac Group-ის ადრეულმა ინვესტორმა, Porsche-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Rimac Technology-ს პირველი დონის ავტოტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბებაში. წილის გაყიდვით ჩვენ სრულად Porsche-ს ძირითად ბიზნესსაქმიანობაზე ვკონცენტრირდებით“, — განაცხადა Porsche AG-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ლაიტერსმა.

თავის მხრივ, Bugatti Rimac-ის გენერალურმა დირექტორმა, მატე რიმაცმა Porsche-სთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული ბრენდის მხარდაჭერამ ამ კომპანიას მყარი საფუძველი შეუქმნა, რაც მათ გრძელვადიანი ხედვების განხორციელებაშიც წაადგებათ. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, რიმაცმა Porsche-ს წილის შესყიდვაზე ინტერესი გასულ წელსაც გამოხატა. Rimac-ის დამფუძნებელმა წინასწარი შეთავაზებაც გააკეთა ერთობლივი საწარმოს $1 მილიარდზე მაღალი შეფასებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები