აი, რატომ არ უნდა გახვიდეთ რბოლაზე საოჯახო GMC Yukon XL-ით...
ავტოსპორტის საუკეთესო მომენტები ყოველთვის ფორმულა 1-ის ტრასებზე არ ხდება — ხშირად ყველაზე დიდი სანახაობა იქაა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარი ავტომობილებით გამოდიან. ამ შემთხვევაში, საუბარია Spectator Drags-ზე, სადაც გულშემატკივრები იმით გამოდიან, რითაც ყოველდღე გადაადგილდებიან, იქნება ეს Tesla Cybertruck-ი თუ ოჯახური პიკაპი.
თუმცა, გასულ უქმეებზე კოლორადოს ეროვნულ ავტოდრომზე გამართული რბოლა ერთ-ერთი მონაწილისთვის საკმაოდ მტკივნეულად დასრულდა. GMC Yukon XL-ის მძღოლი, რომელიც ზედმეტად იყო აზარტში შესული, ერთრიგიან Ford F-150-ს ეჯიბრებოდა — ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ მძღოლმა გიგანტურ, სამრიგიან SUV-ზე კონტროლი არ დაკარგა და ბეტონის კედელს არ შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ უკანა შუშა დაიმსხვრა, სათადარიგო საბურავი კი ტრასაზე დაგორდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი, გააკონტროლოს საკმაოდ გრძელი მანქანა შიდა ტრაექტორიაზე, თუმცა მოჭიდების დაკარგვის შემდეგ ავტომობილი პირდაპირ კედლისკენ გაექანა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3-ტონიანი GMC-ის მთელი მარცხენა მხარე სრულიად განადგურდა, მძღოლი უვნებელი გადარჩა. გასაკვირია ისიც, რომ ასეთი ძლიერი დარტყმის მიუხედავად, უსაფრთხოების ბალიშები არ გაიხსნა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საოჯახო „ტანკები“ სარბოლო ტრასებისთვის არ შექმნილა. იმედი ვიქონიოთ, რომ მძღოლს სხვა ავტომობილიც ჰყავს...