SUV-ების ეპოქა სრულდება? | დეტროიტის გიგანტები ბაზარზე სედანებს აბრუნებენ
წლების გასვლასთან ერთად, ავტომობილები ზომაში გაიზარდნენ და ამ ტენდენციას ბაზარი საკმაოდ წარმატებითაც მოერგო. მოთხოვნა დიდი გაბარიტებისა და მასის ავტომობილებზე კი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ნამდვილად სოლიდური გახლდათ. ეს ტენდენცია ერთი შეხედვით უკვე შეუჩერებელი ჩანდა, თუმცა ბოლო წლების გამოწვევებმა თავისი გავლენა ამ მიმართულებითაც გაავრცელა.

ფოტო: https://autos.yahoo.com/
გავრცელებული ინფორმაციით, დეტროიტის „დიდი სამეული“ – GM, Ford Motor Company და Stellantis-ი – სედანების გაცოცხლებას გეგმავენ. და ეს გადაწყვეტილება ავტომობილების ფასების ზრდასთან ერთად, გამონაბოლქვზე დაწესებულ მკაცრ რეგულაციებთანაცაა დაკავშირებული. Automotive News-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, Ford-მა, General Motors-მა და Stellantis-მა გარკვეული ფორმებით სედანების დაბრუნებასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს, კულისებში კი პროცესები უკვე მიმდინარეობს. მათ შორის:
-
General Motors-ი ახალი Buick-ის სედანის გამოშვებას გეგმავს, რომელიც იმავე პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, რომელზეც — შემდეგი თაობის Cadillac CT5 და Chevrolet Camaro. ამის შესახებ GM-ის ერთ-ერთმა მსხვილმა მომწოდებელმა Automotive News-ს განუცხადა, თუმცა ანონიმურობის დაცვის პირობით.
-
Stellantis-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი კი პირდაპირ ამბობს, რომ ის უბრალოდ SUV-ებისგან დაიღალა. ავტომწარმოებელი უკვე განიხილავს ახალ მოდელს, რომლის ფასიც $30 000-მდე იქნება.
-
Ford Motor Co.-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის პოზიცია ასეთია: „არასოდეს თქვა არასოდეს“. სწორედ ასე უპასუხა ფარლიმ კითხვას, განიხილავდა თუ არა Ford-ი ხელმისაწვდომი საწარმოო ხაზის სახით სედანების აღდგენას.

ანგარიშში ასევე საუბარია Infiniti-ს მხრიდან ინტერესზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სედანების ბაზარზე დაბრუნებას 2027 წლიდან განიხილავს. დილერები შესაძლო სტრატეგიულ ცვლილებებზე უკვე გააფრთხილა Mitsubishi-მაც.
შექმნილი ვითარება კი ბადებს კითხვას: თუ რა შეიცვალა ბაზარზე კროსოვერებისა და SUV-ების მრავალწლიანი დომინაციის შემდეგ? პასუხი საკმაოდ მარტივია — პირველ რიგში, ყველაფერი გაძვირდა. აშშ-ში ახალი ავტომობილების საშუალო ფასმა 50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის ფონზე კი ისეთი გაყიდვადი და ხელმისაწვდომი სედანების მიმართ გაიზარდა ინტერესი, როგორებიც Toyota Camry და Honda Accord-ი არიან. ეს ზრდა უკვე კონკრეტულ რიცხვებშიც აისახა. მაგალითად, პირველ კვარტალში Accord-ის გაყიდვები 22%-ით გაიზარდა; ზრდა დააფიქსირა Toyota-ს თითქმის ყველა სედანმაც.

ექსპერტების შეფასებით, მიზეზი დიზაინშიც უნდა ვეძიოთ, რადგან ისინი დროთა განმავლობაში ვიზუალურად ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება. ამის სანაცვლოდ კი სედანები დიზაინერებს მეტ თავისუფლებას ანიჭებენ და შედეგიც სახეზეა. კიდევ ერთი ფაქტორი კი გამონაბოლქვზე მკაცრი რეგულაციებია, რაც ავტომწარმოებლებისთვის სედანების წარმოებას ბევრად მარტივსა და მოგებიანს ხდის.
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ბაზარზე, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კროსოვერებისა და SUV-ების დომინაცია ერთ ღამეში დასრულდება და სედანები ლიდერობას დაისაკუთრებენ. ინდუსტრია ათწლეულების განმავლობაში ქროსოვერებზე იყო ორიენტირებული, შედეგად ცვლილებებს დრო დასჭირდება, თუმცა ტენდენცია უკვე შესამჩნევია.