Tesla Cybertruck-მა Land Rover-ის გადარჩენა სცადა, თუმცა საბოლოოდ იქით გახდა „დასახმარებელი“
Tesla Cybertruck-ის მძღოლს, ალბათ, უკვე ეგონა, რომ დღის გმირის წოდება გარანტირებული ჰქონდა, როდესაც ტალახში გაჭედილი Land Rover Defender-ის დასახმარებლად გაემართა, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით წარიმართა. საბოლოოდ, თითქმის ყველა, ვინც ამ თავგადასავალში ჩაერთო, „იქით დასახმარებელი“ აღმოჩნდა.
ისტორია კი ასე დაიწყო: Land Rover-ის მძღოლს საცობისთვის თავის არიდება სურდა. სწორედ ამიტომ, „მარტივ“ ხერხს მიმართა, გზის მოჭრა მინდვრით სცადა და მალევე ტალახში ჩაიჭედა. მისმა მეგობარმა კი, კეთილი განზრახვით, დახმარება სცადა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დახმარებასთან ერთად, თავისი ელექტროპიკაპის შესაძლებლობების დემონსტრირებაც სურდა.

თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. თუმცა ის, რომ ტალახში გადაადგილებისას სიტუაცია შეიძლება წამებში მკვეთრად შეიცვალოს, არავისთვის უნდა იყოს სიახლე. რეალურად, Cybertruck-მა Land Rover-ის ამოთრევაც კი შეძლო, მაგრამ სწორედ აქ დაიწყო პრობლემები. Cybertruck-ის მძღოლი ზუსტად იმ ორმოში აღმოჩნდა, საიდანაც მეგობრის დახსნას ცდილობდა.
„მისი ამოთრევა შევძელი, თუმცა შემდეგ თავად გავიჭედე და ბოლოს სტანდარტული, შიგაწვისძრავიანი პიკაპის გამოძახება დამჭირდა ჩემს ამოსაყვანად“, — ამბობს ელექტრომობილის მფლობელი Cybertruck-ის ფორუმზე. მიუხედავად ფინალისა, ის თავის ავტომობილს მაინც არაფერში ადანაშაულებს: „საერთო ჯამში, მაინც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, თუ როგორ გაართვა თავი ავტომობილმა ამ საქმეს. აშკარად „ოფ-როუდ“ აპლიკაცია და პარამეტრების ხელახალი გადახედვა მჭირდება. როდესაც წვიმს და ტალახში ხარ, ყველაფერი, რაც წაკითხული გაქვს, გავიწყდება. დარწმუნებული ვარ, უკეთესი პარამეტრები რომ ამერჩია, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მსგავს სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი სხვა ავტომობილი აღმოჩენილიყო. მაგალითად, ცოტა ხნის წინ Toyota Tacoma-საც დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც Ford Raptor-ის გადარჩენის მცდელობისას ორივე მანქანა ქვიშაში ჩაეფლო.