BMW-ს ახალი აალების სისტემა: BMW სერიულ მოდელებში სარბოლო ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს
BMW 2026 წლის შუა პერიოდიდან წინაკამერული (წინასწარი წვის კამერა) აალების სისტემის, ე.წ. BMW M Ignite-ის სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს. ტექნოლოგია, რომელიც 2024 წელს დაპატენტდა და ავტოსპორტიდანაა გადმოტანილი, პირველად BMW M2, M3 და M4 მოდელების 6-ცილინდრიან მწკრივულ ძრავებში გამოჩნდება. ინოვაციის მთავარი მიზანი მაღალი დატვირთვის დროს ეფექტიანობის ზრდა და, ამავდროულად, Euro 7-ის ემისიის სტანდარტებთან შესაბამისობაა, რომელიც 2026 წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

BMW M Ignite-ის ტექნოლოგიის მთავარი საყრდენი ცილინდრის თავაკში მოთავსებული პატარა ზომის წინაკამერაა (pre-chamber), რომელიც მთავარ წვის კამერას სპეციალური არხებით უკავშირდება. სისტემას დამატებით საკუთარი აალების სანთელი და კოჭა აქვს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ძრავა ორი აალების სისტემითაა აღჭურვილი. ძრავის დაბალი და საშუალო დატვირთვისას აგრეგატი ტრადიციული მეთოდით მუშაობს, შესაბამისად, წვა მთავარ კამერაში არსებულ სტანდარტულ სანთელზეა დამოკიდებული, ხოლო მაღალი ბრუნვისა და დატვირთვის დროს წამყვან როლს წინაკამერა ასრულებს.

ამ დროს საწვავისა და ჰაერის ნარევის ნაწილი პირდაპირ წინაკამერაში მიემართება და იქ ინთება. შედეგად, მიღებული ალის ნაკადები დიდი სიჩქარით იფრქვევა მთავარ კამერაში. BMW-ს განცხადებით, მსგავსი მეთოდით მთავარ კამერაში საწვავის ნარევი რამდენიმე წერტილში ერთდროულად ინთება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც წვის სიჩქარეს, ისე ამცირებს უკონტროლო თვითაალების რისკს — რასაც ჩვეულებრივ დეტონაციას (ან "კაკუნს") უწოდებენ.

შედეგად, საგრძნობლად იკლებს გამონაბოლქვი აირების ტემპერატურა, რაც ამცირებს ძრავის თერმულ დატვირთვას, აუმჯობესებს ემისიის ხარისხს და სრულ შესაბამისობაში მოდის Euro 7-ის სტანდარტებთან.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცვლილებებს მძღოლებიც მარტივად იგრძნობენ: BMW-ს თქმით, მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად მცირდება, რაც მძღოლებს ერთი ავზით უფრო დიდი მანძილის დაფარვის საშუალებას მისცემს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მართვის დროს მეტ ეკონომიურობას უნდა ველოდოთ, სიმძლავრის მაჩვენებლები, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

წინაკამერული აალების ტექნოლოგიის შემოღებით BMW სარბოლო ტექნოლოგიების სერიულ ავტომობილებში გადმოტანის ტრადიციას აგრძელებს. BMW M Ignite-ის დანერგვა ეტაპობრივად იგეგმება: 2026 წლის ივლისიდან ახალი სისტემით M3-ისა და M4-ის ყველა ვერსია აღიჭურვება, იმავე ტექნოლოგიით M2-ის წარმოება კი ერთი თვის შემდეგ დაიწყება.