ნიურბურგრინგზე HWA-ს ამ გიჟურ სარბოლო EVO-ებსაც ვიხილავთ
HWA-ს მიერ ლეგენდარული 190E Evo II-ის ტუნინგი უკვე თავისთავად მოვლენაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ უქმეებზე სამი ასეთი ავტომობილი ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იღებს მონაწილეობას, ავტოსპორტის მოყვარულთათვის ცალკე საჩუქარია.
მართალია, მედიის ყურადღება დიდწილად რბოლაში მაქს ფერსტაპენის მონაწილეობამ მიიპყრო, მაგრამ HWA-ს მონსტრების ხილვა საქმეში არანაკლებ საინტერესო ამბავია. სამივე ავტომობილი SP-X კლასში ასპარეზობს და მათი მთავარი მიზანი ექსტრემალურ პირობებში ტექნოლოგიების გამოცდაა.
ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა
ამ მოდელის 3.0-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავა 552 ცხენის ძალასა და 670 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, რაც საგზაო ვერსიაზე 50 ცხენის ძალით მეტია. ავტომობილს სრულად ნახშირბადის ბოჭკოს ძარა აქვს საოცრად განიერი თაღებით — ასევე, პოლიკარბონატის ფანჯრები, FIA-ს სერტიფიცირებული უსაფრთხოების გალია და გაძლიერებული მონოკოკი. მართვის მაქსიმალური სიზუსტისთვის გამოყენებულია ექვსი მიმართულებით რეგულირებადი დაკიდების სისტემა, რომელიც KW-სა და H&R-თან ერთად შეიქმნა, ასევე AP Racing-ის მუხრუჭები და ექვსსიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი.

ცხადია, სრულად სარბოლოა ავტომობილის სალონიც — კარბონის სავარძლითა და მოძრავი სატერფულების ბლოკით, თუმცა მყიდველებს სურვილისამებრ შეუძლიათ, დაამატონ მეორე სავარძელი, კონდიციონერი და სპეციალური წყლის მიწოდების სისტემაც კი.
ფასი ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საგზაო EVO დაახლოებით 714 000 ევრო ღირს, ეს ტრეკის ეგზემპლარი, სავარაუდოდ, მილიონს გადასცდება. დღეს ნიურბურგრინგზე საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს და რბოლა ხვალ, 16 მაისს იწყება.

აუცილებლად მიადევნეთ თვალი, თუ როგორ გაართმევს თავს ეს რეტრო-ფუტურისტული მანქანა „მწვანე ჯოჯოხეთის“ გამოწვევებს.